ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ცოტა ხნის წინ განახლდა, თუმცა, მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა მოლოდინი, რომ მათ შეკითხვების დასმისა და საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება მიეცემოდათ, არ გამართლდა.
განახლების შემდეგ სხდომა ერთი წუთიც კი არ გაგრძელებულა. საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია შეროზიამ შემოსვლისთანავე საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. შეკითხვის შემდეგ – ვინ არის მომხრე გაერთიანდეს თვითმმართველი ქალაქი ზუგდიდი და სათემო მუნიციპალიტეტი, მომხრეებმა ხელი ასწიეს. საკრებულოს თავმჯდომარე ისე გავიდა სხდომათა დარბაზიდან, არც კი უკითხავს, ვინ იყო წინააღმდეგი. შესაბამისად, გაუგებარი დარჩა, თუ რამდენი ხმით გავიდა საკითხი ქალაქისა და სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ და ვერც იმის დაფიქსირება მოხერხდა, თუ ვინ იყო აღნიშნული გაერთიანების წინააღმდეგი.