სამხარეო ადმინისტრაციას ზუგდიდის მერიამ 1 წლით ავტომანქანა ათხოვა (ვიდეო)

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა ავტომანქანის გუბერნატორის მოადგილისთვის გადაცემას. ამით დააკმაყოფილდა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მოთხოვნა, რომლითაც ადგილობრივ მერიას მიმართა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ავტომანქანით ნინო ვიბლიანმა უნდა ისარგებლოს, რომელიც სვანეთის მიმართულებას კურირებს. 2012 წლის ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოთი მანამდე მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა სარგებლობდა.

წინადადებას არ დაეთანხმა ფრაქცია “ევროპული საქართველო“. ირაკლი ღურწკაიას განმარტებით, ის სატრანსპორტო საშუალებები, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე ირიცხება, მუნიციპალიტეტს თავადაც სჭირდება.

“ახლა ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ მერის დროებით მოვალეობის შემსრულებელია, მაგრამ შუალედურ არჩევნებზე რომ დაინიშნება ადამიანი, მას დასჭირდება მანქანა. სამეგრელო-ზემო სვანეთს კიდევ შვიდი მუნიციპალიტეტი აქვს. ნებისმიერს შეეძლო მსგავსი დახმარების გაწევა“, – განმარტა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ასეთი ძვირადღირებული მანქანის განათხოვრება საჭირო არ იყო. ამბობს, რომ ავტომანქანის შენახვა დიდ ხარჯებს მოითხოვს.

თავის მხრივ, ეკონომიკის და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ჰქონდა მსგავსი რესურსი, ერთი წლით სამხარეო ადმინისტრაციისთვის სატრანსპორტო საშუალება ეთხოვებინათ.

“უსასყიდლოდ ვათხოვეთ და არ გადაგვიცია. დაუბრუნდება ისევ მუნიციპალიტეტს. აქედან მუნიციპალიტეტი არანაირ ზარალს არ ნახავს“, – აღნიშნა ირაკლი ლაგვილავამ და დასძინა, რომ მანქანის მოვლა-შენახვის ხარჯებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გაიღებს.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციამ ზუგდიდის მერიას მაღალი გამავლობის ავტომანქანის გადმოცემის თხოვნით მიმდინარე წლის სექტემბერში მიმართა.

მსგავსი სიახლეები