ზუგდიდში “ქართული ოცნების“ პარტიულ შეხვედრას ლაშა გოგია ესწრებოდა

656

დარჩება თუ არა ლაშა გოგია „ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ამაზე ყოფილი მერი თავად ისაუბრებს. უთხრა “ლაივპრესს“ მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის შეხვედრების კოორდინატორმა პაატა ლაგვილავამ. მისი თქმით, დრო ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა მერიაში დღეს გოგიას პრესკონფერენცია მედიისთვის აუცილებლად გაიმართება, სადაც ის საკუთარ გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრებს და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს უპასუხებს.

ასევე, პაატა ლაგვილავამ დაადასტურა გუშინ, 16 სექტემბერს გამართული შეხვედრა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე ესწრებოდა.

მანვე აღნიშნა, რომ საუბარი პარტიულ საკითხებს და არჩევნებს შეეხებოდა. ამ შეხვედრას ყოფილი მერიც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ასევე, ლაშა გოგიასთან ერთად, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას მამაა.

სუსში აცხადებენ, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიერ ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

ლაშა გოგია ზუგდიდის პირდაპირი წესით არჩეული მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. მან არჩევნებზე ხმების 54.34% დააგროვა.

მანამდე, 2014-2016  წლებში, გოგია ზუგდიდის სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, 2016 წლიდან ადგილობრივ არჩევნებამდე კი მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. სწორედ მისი გამგებლობის პერიოდში, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მიიღო საკრებულომ სათემო მუნიციპალიტეტის გაუქმებისა და თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდთან შეერთების გადაწყვეტილება.

გოგია ასევე იყო “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

როგორ ცნობილია, ლაშა გოგია 11 სექტემბერს სუს-ში „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე გამოკითხვაზე იყო დაბარებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.