მაია ბითაძე: გენგეგმის ფარგლებში ხელახლა ვამკვიდრებთ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონას

951

წინა სტატია

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განმარტებით, გენგეგმის თანახმად, ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონაში, სადაც „პანორამა თბილისიც“ არის მოქცეული, ახალი მშენებლობების ნებართვები არ გაიცემა, თუმცა, ყველა ძველი მშენებლობა დასრულდება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ისევ ბრუნდება ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ამოიღეს, გარდა ამისა, კულტურის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, რომ კულტურული მემკვიდრეობის კანონის მიხედვით, ეს ზონა დაზუსტდეს და მისი რევიზია მოხდეს.

მაია ბითაძემ ოპოზიციის შენიშვნებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ლევან ხაბეიშვილი, რომელიც „პანორამა თბილისის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება, იმ პოლიტიკური პარტიის წევრია, რომელმაც ბუნებიდან და სივრციდან ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონა საერთოდ გააქრო.

„ჩვენ გენგეგმის ფარგლებში ხელახლა ვამკვიდრებთ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონას და თვალს ვუსწორებთ იმ არსებულ რეალობას, რომლის ფარგლებშიც ჰყვება არა მხოლოდ მთაწმინდის ფერდი, არამედ, ვერის ფერდები, სადაც საკუთრების უფლებებია წარმოშობილი, ასევე ორთაჭალის მიდამოები, სადაც ეს ზონა ვრცელდება. როდესაც 1985 წლის მინისტრთა საბჭოს დადგენილებაზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გავითვალისწინოთ ამ ათწლეულების განმავლობაში წარმოშობილი რეალობა. მუნიციპალიტეტს და გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს ხაბეიშვილმა მადლობა უნდა გადაუხადოს, რომ ჩვენ ვამკვიდრებთ და ვაბრუნებთ ამ ზონას დოკუმენტში, სადაც ვითვალისწინებთ მესაკუთრეთა უფლებებს. ამ ზონაში ასევე შედის შინდისის და მიმდებარე სოფლების საკუთრებებიც, ზემო ვერის საცხოვრებელი სახლებიც, გარდა თაბორის ტერიტორიისა“, – განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ზონაში მიმდინარე ყველა ძველი მშენებლობა აუცილებლად დასრულდება.
„სადაც არის საკუთრების უფლება წარმოშობილი და დაკანონებული აქვს ეს სახელმწიფოს, 1985 წელს ვერ დავუბრუნდებით. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის კანონის მიხედვით, მისი რევიზია უნდა განხორციელდეს, რაც აქამდე არ გაკეთებულა. ამიტომ კულტურის სამინისტროსთან ვმუშაობთ, რომ ამ ზონების დაზუსტება მოხდეს. ერთმნიშვნელოვანია ის, რომ თბილისს აქვს როგორც ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონა, ასევე ძველი თბილისის ზონა და მისი მომიჯნავე ტერიტორიები, რომელთა შიგნით სამართლებრივი რეგულირებები ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ხელახლა უნდა გადაიხედოს და არ უნდა ვხელმძღვანელობდეთ 1985 წლის ნორმატიული აქტით“, – განაცხადა ბითაძემ და დასძინა, რომ ამ ზონის დაზუსტების შემდეგ იქ ახალი მშენებლობები არ განხორციელდება, თუმცა, არსებული მშენებლობების, მათ შორის, „პანორამა თბილისის“ მშენებლობის შეჩერება არ მოხდება.

თბილისის საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომა, რომელზეც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას განიხილავენ,  ხმაურით დაიწყო. ოპოზიცია და უმრავლესობა გენგეგმის რიგ საკითხებთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან. 

თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს 4 ივლისს გადაუგზავნა. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე კი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

ამასთან, 5 ივლისს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.