ქუთაისის მერია გეგმავს, რომ 4 წლის წინ რეაბილიტირებულ ხიდს რეკონსტრუქცია წელსაც ჩაუტაროს

710

ქუთაისის მერია გეგმავს, რომ 4 წლის წინ რეაბილიტირებულ ხიდს რეკონსტუქციას მიმდინარე წელსაც ჩაუტაროს. საუბარია რუსთაველის ხიდზე, რომელიც  2014 წელს, შოთა მურღულიას მერობის დროს შეკეთდა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

“რუსთაველის ხიდზე მოეწყობა გრანიტის ოთხი სვეტი, რომლებიც გაფორმდება სხვადასხვა ლითონის ფიგურებით ვეფხისტყაოსნის მიხედვით. ასევე ხიდის ფერდობებზე ტერასები იქნება ყვავილნარებით, გაკეთდება განათება, რაც ხიდს ძალიან სანახაობრივს და ლამაზს გახდის”, –  ამბობს ქუთაისის ვიცე-მერი იუზა უგულავა.

მისივე ინფორმაციით, რუსთაველის ხიდის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი ორ დღეში გამოცხადდება და ცნობილი იქნება, თუ რა თანხა დაიხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ხიდის რეკონსტრუქცია ვეფხისტყაოსნის  მიხედვით, 2014 წელსაც  იგეგმებოდა. თუმცა, მაშინ მხოლოდ მოაჯირები, ბორდიურები და ტროტუარი მოეწყო. მიზეზი ქუთაისის მერიასა და  სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას შორის დავა გახდა.

2014 წელს ხიდის რეაბილიტაციისთვის  მერიამ 197 763 ლარად შეფასებული ტენდერი (SPA140008836)  გამოაცხადა. ხიდის მოწყობაზე პასუხისმგებლობა შპს “გეგიმ” აიღო, რომელმაც რეაბილიტაციის შესასრულებლად  უფრო ნაკლები, 187 499 ლარი მოითხოვა. თუმცა, შემდეგ შეუსრულებული ვალდებულებები გამო, მერიასა და შპს “გეგის” შორის სამართლებრივი დავა დაიწყო.

კომპანიას ადგილობრივი ხელისუფლება, დარღვევებსა და სამუშაოების ვადაგადაცილების გამო, 163 000 ლარს ედავებოდა. თუმცა, მერიამ ეს თანხა ვერ მიიღო, რადგან კომპანიას ის არ გააჩნდა. მოგვიანებით, ხიდის რეაბილიტაცია სხვა კომპანიამ დაასრულა.