ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტალში, სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

632

ვაკის გამგეობის ინფორმაციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას II კვარტალში, N28-ე ბ კორპუსის ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ოკრიბა“ აწარმოებს.

ადგილობრივი მცხოვრებლების განაცხადის საფუძველზე, პროექტით I, II და III სადარბაზოს სახურავები განახლდება. სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება.

“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობა ამხანაგობებს საჭირო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სრულად, 100%-ით დაუფინანსებს. თავად ამხანაგობას კი, ეკისრება ვალდებულება, რომ დაფინანსებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა შეაგროვოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

დაფინანსების მისაღებად ასევე აუცილებელია, ამხანაგობა გამგეობაში აღრიცხვაზე იმყოფებოდეს, ჩაატაროს საერთო კრება, სადაც საერთო ქონების განვითარებისთვის საჭირო პრიორიტეტული სამუშაოების რიგითობა განისაზღვრება.

საერთო კრების ოქმით, ამხანაგობა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანების ოდენობას განსაზღვრავს, რომელიც ამხანაგობის ანგარიშზე განთავსდება. შენატანის ოდენობა გამგეობის მიერ დასაფინანსებელი პროექტის ღირებულების არანაკლებ 10%-ს უნდა შეადგენდეს.

გარდა ამისა, ამხანაგობამ შენატანების განკარგვის პრიორიტეტებით ერთწლიანი სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს და შემდეგ, განცხადებით გამგეობას მიმართოს. გამგეობა კი, დაფინანსებას ტენდერის მეშვეობით განახორციელებს”,-ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაკის რაიონის გამგეობაში 1086 ამხანაგობაა რეგისტრირებული.