საქართველოს რეგიონების ცხოვრება 1918-1921 წლებში

2333

საქართველოს რეგიონების ცხოვრება 1918-1921 წლებში – კიდევ ერთი საინტერესო გამოცემაა, რომელიც კარგად წარმოაჩენს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ქვეყნის რეგიონების ცხოვრებას, მათ შორის, რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სამოქალაქო მონაწილეობის ფორმებს.

ავტორთა ჯგუფისგან:

“ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა რჩება დემოკრატიული ღირებულებების, სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობისა და განვითარებული სამოქალაქო თვითშეგნების ნიმუშად. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს აღნიშნული პერიოდის მიმართ გაძლიერებულია აკადემიური ინტერესები, დღემდე უცნობი რჩება არა პოლიტიკურ ცენტრში, არამედ რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და სამოქალაქო თანამონაწილეობის ფორმები. მკვლევართა ჯგუფს ყოველთვის გააჩნდა კითხვები ამ პროცესებთან დაკავშირებით, ამიტომ მიზნად დავისახეთ, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, პოლიტიკის მწარმოებლებისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის შეგვეთავაზებინა პუბლიკაცია, რომელიც იქნებოდა 1918-1921 წლებში ადგილობრივი დემოკრატიისა და რეგიონებში არსებული აქტივიზმის შესწავლისა და გაანალიზების მცდელობა.

ჟურნალ-გაზეთების, საარქივო მასალის  გაცნობამ საშუალება მოგვცა პირველი რესპუბლიკის პერიოდის მოვლენებიდან, საკითხებიდან გამოგვეყო და მკითხველისთვის შეგვეთავაზებინა შემდეგი თემები:

  1. კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივები;
  2. სოციალური პროცესები: შრომითი ურთიერთობის ფორმები, შრომითი პროტესტები და გაერთიანების ფორმები;
  3. პოლიტიკური რეალობა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების სამომავლო ხედვები;
  4. ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და განვითარების არსებული მიდგომები;
  5. თანასწორობის იდეა და გენდერული საკითხები.

პუბლიკაციის მეორე ნაწილში მომზადებული სტატიებში კი შევეცადეთ, გაგვეანალიზებინა უშუალოდ რეგიონების, სოციალური და პოლიტიკური პროტესტების, საგანმანათლებლო პროცესის თავისებურებები და გამოგვეყო შემდეგი საკითხები:

  1. შრომითი წინააღმდეგობები და შრომითი გაერთიანებების ფორმები;
  2. კულტურული ინიციატივები;
  3. საგანმანათლებლო პროცესები და პროექტები.

ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება ჩვენი კვლევის შედეგების გაცნობა: როგორც 1918-1921 წლის პერიოდული პრესის მასალა, ასევე, თემები, რომლებიც ჩვენ თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის აქტუალურად მივიჩნიეთ. იმედი გვაქვს, რომ წარმოდგენილი პუბლიკაცია მკვლევარებში, სამოქალაქო აქტივისტებში ახალ წამოწყებებს მისცემს ბიძგს, რაც საბოლოოდ სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების საწინდარია”.

ავტორები: გიორგი არობელიძე; თეიმურაზ ბეჟანიძე; მარიამ გულიაშვილი; თამარ მეჭურჭლიშვილი; ნათია ქარჩილაძე; თორნიკე შევარდნაძე.

სამეცნიერო რედაქტორი: ლელა გაფრინდაშვილი

გამოცემა მომზადებულია პროექტის – “ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში − 1918-1921 წლების გამოცდილება” − ფარგლებში, “სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრის” მიერ, ფონდის – “ღია საზოგადოება – საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით.

იხილეთ კვლევა სრულად