ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მოსახლეობა მოკლე გზით სარგებლობას ითხოვს

717

საქართველოს რკინიგზამ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს, ქალაქთან დამაკავშირებელი მოკლე გზით სარგებლობა აუკრძალა. უკვე ერთი თვეა რაც რკინიგზამ ახალციხე– ვალის დამაკავშირებელი ხაზის ორივე მხარეს მიწა ამოთხარა. თუმცა, ადგილობრივებმა ეს ადგილი გაასწორეს და კვლავ ამ გზაზე მოძრაობენ. პარალელურად მათ დასახმარებლად ახალციხის მერიას მიმართეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

რკინიგზის ადმინისტრაცია უარს მოსახლეობის უსაფრთხოებით ხსნის: „ეს იყო უკანონო გადასასვლელი, რომელიც აქამდე სამწუხაროდ არსებობდა. თუმცა, არ იყო დატვირთული ლიანდაგი და დემონტაჟის საჭიროებაც არ იდგა. ახლა ეს მონაკვეთი დაიტვირთება და მოძრაობა იქნება ინტენსიური, რაც გაზრდის რისკებს უსაფრთხოების თვალსაზრისით. მოვუწოდებთ ყველას, რომ ისარგბელონ მხოლოდ კანონიერი გადასასვლელებით“.

ის, რომ მოკლე გზით სარგებლობა უკანონოა, ადგილობრივებმაც იციან. ამიტომ საქართველოს რკინიგზისგან აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოების ნიშნების დაყენებას ითხოვენ: „თუ ჩვენ მოთხვონას არ დააკმაყოფილებენ, მაშინ საპროტესტო აქციებს გავმართავთ“.