ზუგდიდის ხუთი სკოლა აპრილის ბოლოდან სხვა შენობებში გადადის

ზუგდიდი მერვე, მეოთხე და მეათე, ასევე სოფლებში: დარჩელის #1 და ინგირის #2-ე საჯარო სკოლა სრული რეკონსტრუქციის გამო ერთი წლით დაიხურება. სარემონტო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია გამოვლინდება. მოსწავლეებს სკოლებიდან სავარაუდოდ აპრილის ბოლოსთვის გაიყვანენ. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი კახაბერ ფარცვანია ამბობს, რომ უკვე ცნობილია ის სკოლები, სადაც მოსწავლეები ერთი წლის განმავლობაში გადანაწილდებიან.

მერვე სკოლის მოსწავლეებს მეშვიდე სკოლაში გადაიყვანენ დროებით, მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებს მესამე სკოლაში, მეოთხე სკოლის ბავშვთა ნაწილი პირველ, დანარჩენი კი მეორე საჯარო სკოლაში გააგრძელებს სწავლას: „რაც შეეხება ინგირის მეორე საჯარო სკოლას, მას შერწყმული სკოლაც აქვს ოირემეს უბანში, სხვა კორპუსი აქვს და იქ გადადის. დარჩელის პირველი საჯარო სკოლაც შერწყმულ სკოლაში გადავა“, – თქვა რესურსცენტრის დირექტორმა.

სკოლების რეკონსტრუქცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – საქართველოს პროექტის ფარგლებში დაიგეგმა. სამუშაოები გულისხობს სკოლების შენობების სრულ აღდგენას. მათ შორის დამატებით ლაბორატორიების მოწყობას და მაღალი სტანდარტების გარემოს შექმნას. კახაბერ ფარცვანია ამბობს, რომ ზოგიერთ სკოლაში სარემონტო სამუშაოები შესაძლოა ერთ წელზე ნაკლებ დროში დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები