სოფელი სკოლის, საბავშვო ბაღის და მოედნის გარეშე

სოფელი ლეთეთი სკოლის, საბავშვო ბაღის და მოედნის გარეშე. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ქარელიდან სულ რაღაც 2 კმ-ითა დაშორებულ სოფელ ლეთეთში 20-მდე მოსწავლე ცხოვრობს, რომლებიც სასწავლებლად ქარელის მეორე საჯარო სკოლაში ტრანსპორტით დადიან, რადგან 9-წლიანი სკოლა რამდენიმე წლის წინ დაიხურა. სოფელში არ არის საფეხბურთო მოედანი, საბავშვო ბაღი და ბიბლიოთეკა.

დასახლებაში დაახლოებით 70-მდე კომლია დარჩენილი.

ორი დღის წინ, ერთ-ერთ ოჯახში სასწრფო დახმარების მანქანა გამოიძახეს. ორხიდიანი მანქანას სოფლის გზაზე ასვლა გაუჭირდა. სვეტლანა გოგიჩაშვილის თქმით, სოფლის გზები, განსაკუთრებით, წვიმის დროს ზიანდება.

,,წელს გზასაც გაგიკეთებთ და გაზსაც შემოგიყვანთო. თუ ამას გააკეთებენ, რა ჯობია?“ – ამბობს სვეტლანა გოგიჩაშვილი.

მოსახლეობა წუხს, რომ სოფელში მიცვალებულთა რიტუალების სახლიც არ არის. ჭურჭელი შეძენილი იყო, თუმცა დაიკარგა. ამიტომ, მიცვალებულების დაკრძალვის დროს, ჭირისუფლები სუფრას ქარელში შლიან.

სოფელში გასული საუკუნის 90-იან წლებამდე 120 კომლი ცხოვრობდა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, სახლები 50-მდე ოჯახმა დატოვა. ამჟამად, საკუთარ კერას ნაწილი დაუბრუნდა, ნაწილი კი – ზაფხულობით ჩადის.

ანდილ გიკაშვილმა ხეხილის ახალი ბაღი გააშენა. ამჟამად, ხეივანს უვლის. ამბობს, რომ სოფელში, ციტრუსების გარდა, ყველაფერი ხარობს. მის ბაღთან საუკუნოვანი იფნის ხე დგას.

სოფელი კომუნისტების პერიოდში, ძამას ხეობიდან გაყვანილი არხით საზრდოობდა. წყალი კეხიჯვრიდან იქაჩებოდა და რამდენიმე სოფელი მარაგდებოდა. ამჟამად, ლეთეთის მიწები წვიმით და ბუნებრივი წყლებით ირწყვება.

,,რაც შეუძლიათ, სოფელს ყურადღებას აქცევენ. მინდა თქვენი საშუალებით, ვანო არდემანაშვილს დიდი მადლობა ვუთხრა, ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევს,“ – ამბობს სოფლის ერთ~ერთი მკვიდრი, ოლია ხაბალაშვილი. მაგალითისთვის კი, სოფელში დაგეგმილ გზის მოხრეშვით სამუშაოებს ასახელებს.

 

მსგავსი სიახლეები