ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში პრეზენტაციაზე წარადგინა. ანგარიში მოიცავს 2017 წლის 1 ივნისიდან 19 ნოემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.

ანგარიშში დაწვრილებით ასახულია როგორც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და  შედეგების შეჯამებისას გამოვლენილი დარღვევები. წარმოდგენილია ის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც თან ახლდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ანგარიშში ასევე  მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც, ვფიქრობთ, დაეხმარება საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს განამტკიცონ მიღწევები და აღმოფხვრან არსებული ხარვეზები.

 

ძირითადი ტენდენციები:

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნათლად გამოიკვეთა მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა მათ შორის ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების მობილიზების კუთხით.[1]

მართალია, საარჩევნო სუბიექტებმა შეძლეს საკუთარი პროგრამებისა და დაპირებების ამომრჩევლისათვის გაცნობა სხვადასხვა აქტივობების გზით, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებზე კვლავ ნაკლებად კეთდებოდა აქცენტი კონკრეტული პარტიების თუ კანდიდატების პროგრამებზე. ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში იდენტიფიცირებულ იქნა როგორც შიდაპარტიული დაპირისპირებები და სავარაუდო ზეწოლის ფაქტები, ასევე მძაფრი კონკურენტული გარემო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები, საკუთარ კანდიდატურებს ზეწოლის ან გადაბირების შედეგად ხსნიდნენ. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მიუხედავად, რიგი ფაქტები სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩა.[2]

მერობის/მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადამდე მიმდინარებოდა შიდაპარტიული დისკუსიები კანდიდატების შერჩევა/წარდგენასთან დაკავშირებით და ამ არჩევნებზეც ქალთა ნომინირება წამყვან ადგილებზე და მათი პოლიტიკაში მონაწილეობა კვლავ გამოწვევად დარჩა.[3]

 

საკანონმდებლო დონეზე და პრაქტიკაში  არსებული გამოწვევები:

წინასაარჩევნო პერიოდი: წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანური რესურსის (საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების მასწავლებლების, ააიპების თანამშრომლების) მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენების არაერთი ფაქტი. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, რომლებმაც საგანმანათლებლო პროცესების პოლიტიზირების რისკები შექმნა.

კენჭისყრის დღე: კენჭისყრის პროცესი, როგორც პირველი, ასევე მეორე ტურის დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში წარიმართა. მართალია, არ გამოვლენილა ძალადობის შემთხვევები, თუმცა, დაფიქსირდა რიგი დარღვევები, რომლებიც სცდებოდა პროცედურული ხასიათის პრობლემებს. მაგ: კარგად ორგანიზებულ და მასშტაბურ ხასიათს ატარებდა მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის მონაცემების შეგროვება და ამომრჩეველთა მობილიზება ხმის მიცემის მიზნით, განსაკუთრებით თბილისში.  მეორე ტურზე კენჭისყრის დღეს მთელ რიგ უბნებზე კვლავ გაგრძელდა უბნებზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვის მანკიერი პრაქტიკა.

არჩევნების შემდგომი პერიოდი: არჩევნების დღის შემდგომი პერიოდის საჩივრები ძირითადად საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მთელ რიგ უზუსტობებს (შემაჯამებელი ოქმების არაერთვაროვანი შევსება, ხელმოწერებისა და კომისიის ბეჭდების არ არსებობა, დისბალანსი (ნაკლებობა ან მეტობა)) ეხებოდა.  ამ არჩევნებზეც, კვლავ პრობლემად დარჩა, შესწორების ოქმების კანონმდებლობის დარღვევით შედგენა, რა დროსაც არ ხდებოდა ადმინისტრაციული წარმოების სრულად ჩატარება და საქმესთან დაკავშირებული გარემოებების სრულად გამოკვლევა. მიუხედავად კანონმდებლობის დარღვევების დადასტურებისა, საარჩევნო ადმინისტრაციები და სასამართლოები იმ მოტივით, რომ დარღვევას არსებითი გავლენა არ მოუხდენია შედეგებზე, არ აკმაყოფილებდნენ საჩივრებს შემაჯამებელი ოქმების ბათილობისა და უბნების შედეგების გადათვლის შესახებ და ძირითადად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებით შემოიფარგლებოდნენ.

 

რეკომენდაციები

საარჩევნო ადმინისტრაცია – უნდა განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ძირეული რეფორმა და საარჩევნო ადმინისტრაციის ზემდგომი ორგანოები (ცესკო, ოლქი) მხოლოდ პროფესიული ნიშნით, აპოლიტიკური და დამოუკიდებელი წევრებით დაკომპლექტდეს[4].  აგრეთვე გარდამავალ პერიოდში მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა და კომისიის წევრთა შერჩევის წესი და პრაქტიკა.  მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საარჩევნო კომისიების წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება, მათთვის საარჩევნო დოკუმენტაციის წარმოების უნარების განმტკიცება. საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ ადმინისტრაციული წარმოების კანონის მოთხოვნების სრული დაცვა და საჩივრების არსებითი განხილვა. საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და საარჩევნო პროცესების ჩატარების გაუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კენჭისყრის პროცედურების გამარტივება, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა უბნებზე, მათ შორის ხმების დათვლა ელექტრონული წესით.

წყებათაშორისი კომისია – უწყებათაშორისი კომისია უნდა გასცდეს მხოლოდ პრეტენზიების მოსმენისა და ინფორმაციის ურთიერთგაზიარების პლატფორმას და იქცეს უფრო ქმედით და ეფექტურ უწყებად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დროულად უნდა განახორციელოს წინასაარჩევნო კამპანიის დარღვევის ფაქტების შესწავლა/შეფასება და ეფექტური რეაგირება.[5]

სამართალდამცავი ორგანოები– სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ინციდენტები დროულად, სრულყოფილად და ობიექტურად იყოს გამოძიებული; ასევე, მათ უნდა გამორიცხონ მიკერძოების აღქმა პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების მიმართ.

საარჩევნო სუბიექტები – საარჩევნო სუბიექტებმა უარი უნდა თქვან ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვებასა და დამუშავებაზე.

სასამართლო – მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო დავების განხილვისას სასამართლოს მიერ ხდებოდეს კანონის მართებული განმარტება და გამოყენება. საარჩევნო დავების კუთხით მუდმივად უნდა ხდებოდეს მოსამართლეთა გადამზადება  და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.

 

საია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდსარჩევნების დღეს და მეორე ტურს და არჩევნების შემდგომპერიოდსქვეყნის მასშტაბით 510 დამკვირვებლით აკვირდებოდა.

 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID), `ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს,~ ფონდ „ღია საზოგადოება _ საქართველოს“ და `ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია `საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია~ და ანგარიშის შინაარსის ევროკავშირის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID), `ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს,~ ფონდ „ღია საზოგადოება _ საქართველოს“, `ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) პოზიციად აღქმა დაუშვებელია.

 


[1] https://gyla.ge/ge/post/2017-tslis-adgilobrivi-tvitmmartvelobis-archevnebi-tsinasaarchevno-garemos-shefaseba#sthash.yDLHAW4x.dpbs

[2] მაგალითად თბილისის ბაგა-ბაღებში დირექტორებისთვის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიების მოგროვების ფაქტზე მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცავი უწყებები არ დაინტერესებულან.

[3] https://gyla.ge/ge/post/qalta-politikuri-monatsileobis-samushao-jgufis-ganckhadeba#sthash.Xc98maFX.dpbs

[4] გარდამავალ ეტაპზე, მანამ, სანამ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების კუთხით ძირეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, მიგვაჩნია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი არჩევნების შედეგებზე უნდა იყოს მიბმული, ისე, რომ ერთ პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში მხოლოდ ერთი წევრის დანიშვნის უფლება უნდა ჰქონდეს.

[5] იხ. წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება და სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

მსგავსი სიახლეები