ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მედიის საქმიანობის კანონით რეგულირებას ითხოვს

626

ახალციხის საკრებულოს დეპუტატი, თამარ გოგოლაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლება კანონით უნდა დარეგულირდეს. ამავე დროს, მედია ისეთივე ღია და ანგარიშვალდებული უნდა იყოს საზოგადოებასთან, როგორც საჯარო ორგანიზაციები. ამის შესახებ თამარ გოგოლაძემ, 26 მარტს ახალციხეში, პარლამენტის ღია მმართველობის შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

„იქნებ სხვა ორგანიზაციებიც შეუერთდნენ ღია მმართველობას და მათ შესახებაც გვქონდეს ინფორმაცია, აქცენტი მაქვს მედიასაშუალებებზე“, – თქვა გოგოლაძემ და დასძინა, რომ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლება, მისი სიტყვის თავისუფლებას ლახავს, – “სულ ვსვამ საკითხს, თუ არის ჟურნალისტი ისეთივე მოქალაქე, როგორიც მე ვარ და არის თუ არა ისიც კანონის წინაშე ჩემსავით ანგარიშვალდებული. და თუ ჟურნალისტი ჩემს ნათქვამს ამახინჯებს, ამაზე თუ შეიძლება რომ დაუწესდეთ რეგულაციები?“

დეპუტატის შეკითხვებს, შეხვედრის ორგანიზატორებმა, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ირინა ფრუიძემ უპასუხეს.

„ძალიან საფრთხილო საკითხია! საქართველოში გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი ევროპაზე მაღალია. ჩვენ ე.წ. ამერიკული სტანდარტი გვაქვს ამ მიმართულებით. წინააღმდეგი ვარ ამ საკითხის სამართლებრივი წესით რეგულირების, ეს შესაძლოა, ძალიან ცუდად იყოს გამოყენებული და შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება“, – აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა და იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, ვინც “ნათქვამს დაუმახინჯებს” თამარ გოგოლაძეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განცხადების შეტანა, ან სამოქალაქო წესით სასამართლოში დავა ურჩია.