შუახევში წყლის რეაბილიტაციის შემსრულებელი კომპანია 350 000 ლარით დაჯარიმდა

561

ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანია, რომელიც შუახევში წყალსადენის მაგისტრალს აშენებდა, 350 ათასი ლარით დაჯარიმდა. მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და ხელშეკრულების თანახმად 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

კომპანიამ სამუშაოს დასრულების ვადა დაარღვია. შუახევის თვითმმართველობაში ამბობენ, რომ კომპანია კანონის შესაბამისად დაჯარიმდა, თუმცა სამუშაოს აგრძელებენ. შუახევის მერის მოადგილის ომარ ტაკიძის თქმით, კომპანიაში მენეჯმენტი შეიცვალა.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ნაციონალური მოძრაობა. პარტიის წევრის ნუგზარ ამაღლობელის თქმით, ზამლეთის ხეობის წყალმომარაგებისთვის, ობიექტის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. ამ ეტაპზე კი სამუშაოები საერთოდ შეჩერებულია.

შუახევის მერის მოადგილე ირწმუნება, რომ სამუშაოები ამინდის გამო შეჩერდა და აპრილიდან განახლდება.

წყალსადენის მშენებლობისთვის შუახევის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი იხარჯება, წყლით სამი სოფლის 500-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.