სპეციალისტების ხელფასები ზუგდიდის მერიასა და გაერთიანებამდელ მუნიციპალიტეტებში

692

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განყოფილებების უფროსების ხელფასები 1 500 ლარია. წინა წელს მერიაში ამავე პოზიციაზე იგივე ანაზღაურება იყო, გამგეობაში კი 100 ლარით ნაკლები. ამის შესახებ “ლაივპრესი” გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

მიმდინარე წელს მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ანაზღაურება 1 200 ლარით არის განსაზღვრული. ამავე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 950-ით, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი კი 850. შარშან ქალაქ ზუგდიდის მერიაში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო 1 200 ლარს შეადგენდა, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1000 ლარს. ერთადერთი – ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტზე გაიცემოდა 1 500 ლარი. ამავე განყოფილებაში მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ანაზღაურება 1 200 ლარი იყო. მეოთხე რანგის პირველი და მესამე კატეგორიების უმცროსი სპეციალისტის ხელფასი 800-800 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება გამგეობას, აქ მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების თანამდებობრივი სარგო 1 100 ლარით იყო განსაზღვრული, განსხვავებით საბიუჯეტო დაგეგმვის და სახაზინო მომსახურების და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებებში მომუშავე ამავე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტებისა, რომელთა ხელფასიც 1 200 ლარს შეადგენდა. მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებზე 1 100, ზოგ შემთხვევაში კი 1 000 და 900 ლარი გაიცემოდა, მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტზე 900, ზოგ შემთხვევაში კი 1 000. მეოთხე რანგის პირველი და მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტების ანაზღაურება 800 ლარს შეადგენდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ანაზღაურება 1 300 ლარია. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 850.

შარშან, გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში 1 300 ლარი ჰქონდათ ანაზღაურება, მეოთხე რანგის პირველი და მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტების ხელფასი 800 ლარით იყო განსაზღვრული.