თამაზ მეჭიაური – მერად არჩევიდან 6 თვის შემდეგ შეიძლება, ჩემი იმპიჩმენტი მოითხოვონ

797

თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური მისი იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე საუბრობს. მისი თქმით,  ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. ინფორმაციას  “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“ამ ეტაპზე ჩემს საწინააღმდეგოდ რაიმე ბერკეტი არ გააჩნიათ, თუმცა, მერად არჩევიდან 6 თვის შემდეგ თეორიულად შეუძლიათ, ჩემი იმპიჩმენტი მოითხოვონ”, – განუცხადა თიანეთის მერმა “ინტერპრესნიუსს”.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, “ამ ეტაპზე, დაპირისპირებულ ძალებს რაიმე ბერკეტი არ აქვთ”.

“შეიძლება, ისინი გააქტიურდნენ მას შემდეგ, რაც მერად ყოფნის 6 თვე შემისრულდება. ამის შემდეგ აქვთ თეორიული შესაძლებლობა, დაიწყონ ჩემი იმპიჩმენტის პროცედურები. ეს საკრებულოს მეშვეობით შეიძლება, განხორციელდეს”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

როგორც ცნობილია, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირება და უნდობლობის გამოცხადება მისი არჩევიდან 6 თვის, აგრეთვე, უფლებამოსილების ვადის ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაუშვებელია.

მეჭიაურმა თიანეთის მერის არჩევნებში ერთი ხმით გაიმარჯვა. მისი კონკურენტი “ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო. არჩევნების შედეგები “ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, სასამართლომ თამაზ მეჭიაურის სასარგებლო გადაწყვეტილება მიღო.