თიანეთის 11 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარეობს თიანეთის მუნიციპალიტეტის 11 დასახლებულ პუნქტში. ალოტში, ველებში, ჩეკურაანთგორში, მელიასხევში, თოლენჯში, სიმონიანთხევში, ცალუღელაანთკარში, გორანაში, ხევსურთსოფელში, დევენაანთხევსა და საყდრიონში.
პროექტის ფარგლებში, ჯამურად, აშენდება 75 992 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1049 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში, 2019-2021 წლებში, თიანეთში სულ გაზიფიცირდება 15 დასახლებული პუნქტი, რაც 1 278 აბონენტს მოიცავს. ამჟამად, დასრულებულია 4 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები, რამაც დამატებით კიდევ 229 აბონენტს საშუალება მისცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.