ლანჩხუთის გამგეობას გამგებლისგან და მისი მამისგან 2 მანქანა ჰყავდა ნაქირავები

788

2015-2016 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამგებელ ზაზა ურუშაძისგან და მისი მამისგან – ილია ურუშაძისგან 2 ავტომობილი ჰყავდა ნაქირავები, რაც “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევაა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია.

უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტი, ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად, იყენებდა კერძო პირებისგან იჯარით აყვანილ ავტომობილებს. კერძოდ, მუნიციპალიტეტის გამგებელი სარგებლობდა 2 ავტომობილით, რაზეც გაფორმებულია საიჯარო ხელშეკრულებები. აქედან ერთი ავტომობილი თავად გამგებლის, ზაზა ურუშაძის საკუთრება იყო, ხოლო მეორე ხელშეკრულება გაფორმებული იყო მუნიციპალიტეტსა და ფიზიკურ პირ ილია ურუშაძეს შორის. ილია ურუშაძე კი, აუდიტის სამსახურის ინფორმაციითვე, ზაზა ურუშაძის მამაა.

იჯარის პირობების მიხედვით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფდა სატრანსპორტო საშუალების მოვლა-
პატრონობის ხარჯებს.

“საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობის პირს უფლება არ აქვს, ქონებრივი გარიგება დადოს იმ სახაზინო დაწესებულებასთან, რომელშიც მას თანამდებობა უჭირავს. შესაბამისად, აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებით დარღვეულია
მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

გარდა ამისა, უწყება ამბობს, რომ გამგებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა Volkswagen Passat-ის საწვავის გამოყენება 5 თვის განმავლობაში – 2016 წლის ივნისი-ოქტომბრის თვეებში არ ფიქსირდება, თუმცა, ამავე პერიოდში ავტომანქანაზე სხვადასხვა სახის ხარჯია გაწეული – შეცვლილია საბურავები,
გამოცვლილია ზეთი, ანტიფრიზი და სხვა.

“შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა იჯარით აყვანილ სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციაზე ხარჯები გასწია ისე, რომ მისი გამოყენება არ მომხდარა მუნიციპალიტეტის საჭიროებებისთვის შესაბამის პერიოდში”,  – ნათქვამია დასკვნაში.

რაც შეეხება თავად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ავტოპარკს, აუდიტის სამსახურის ცნობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის (გამგეობა, საკრებულო) ავტომანქანების რაოდენობა 2015 წელს 1 ერთეულით, ხოლო 2016 წელს – 2 სატრანსპორტო საშუალებით აღემატებოდა მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.

აუდიტის სამსახური მოუწოდებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს და განუხრელად შეასრულოს წესი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილებისა და შესყიდვის შესახებ. “აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე, ხელს შეუწყობს მუნციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციასა და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. ამასთანავე, შემუშავებული
წესი თავსებადი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან”, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ზაზა ურუშაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. ის პოსტს 2017 წლის არჩევნებამდე იკავებდა.