კონკურსის შემდეგ ახალციხის მერიაში ხუთი პოზიცია ვაკანტური დარჩა

542

ახალციხის მერიაში 13 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის შედეგად რვა მოხელე შეირჩა. ხუთი პოზიცია კი ვაკანტური დარჩა და მათ დასაკავებლად კონკურსი ხელახლა გამოცხადდება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში თავისუფალი დარჩა: საორგანიზაციო განყოფილების უფროსის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის პოზიციები, ასევე თავისუფალია ორი ადგილი ინფრასტრუქტურის სამსახურში.

მერიაში ამბობენ, რომ ხუთივე პოზიციაზე კონკურსს ხელახლა გამოაცხადებენ: „დარჩენილ რვა ადგილზე მოხელეები უკვე შევარჩიეთ, თუმცა ჯერ არცერთი მათგანი არ დანიშნულა, მათ შესაბამისი დოკუმენტების წარმოსადგენად ვადა 20 თებერვლამდე აქვთ“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ კონკურსი 16 პოზიციაზე გამოაცხადა. თუმცა, მას შემდეგ რაც განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა, სამი შტატი გააუქმა: სპეციალისტის პოზიცია ბიუჯეტის საკითხებში, პროექტების მართვის საკითხებში და ასევე, მონიტორინგისა და ინსპექტირების საკითხებში.