რა პრობლემები აქვთ მუნიციპალიტეტებს გამჭვირვალობის კუთხით – ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შედეგები

დღეს გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია, რომელზეც ყველაზე გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მუნიციპალიტეტების გამოვლენასთან ერთად, იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებს სწორედ გამჭვირვალობის მიმართულებით აქვთ.

კვლევის ავტორებმა მუნიციპალიტეტების ვებგვერდები შეისწავლეს და, ანალიზის შედეგად, არაერთი ხარვეზი გამოავლინეს.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, შეფასების 100%-იან სკალაზე, მუნიციპალიტეტების საშუალო/ჯამური შედეგი მხოლოდ 21%-ია. მუნიციპალიტეტების უმეტესობა ვერ ცდება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 20%-იან მაჩვენებელს; მუნიციპალიტეტების მხოლოდ 10-12% აქვეყნებდა (ისიც არასრულად) ინფორმაციას ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ;

ანალიზის შედეგებით, ასევე, ირკვევა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების 40%-ზე მეტი საერთოდ არ აქვეყნებდა ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე მიმდინარე ტენდერების შესახებ, 50%-ზე მეტი კი არ აქვეყნებდა წლიურ ანგარიშებს;

კვლევის ავტორთა თქმით, თითქმის არ ხდება მოქალაქეთა მომსახურების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება (ონლაინ ნებართვები, SMS შეტყობინება, ონლაინ გამოკითხვა), ხოლო მუნიციპალური ვებგვერდების ტექნიკური მახასიათებლების ხარისხი საშუალოზე დაბალია (34%);

მნიშვნელოვანი პრობლემებია ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის კუთხითაც. ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთწლიან პერიოდში დასახლების საერთო კრება არ ჩატარებულა მუნიციპალიტეტების 85%-ზე მეტში, ხოლო სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომები და საჯარო განხილვები არ ჩატარებულა 60%-ზე მეტში. ამასთან, მონაწილეობის საბიუჯეტო პროგრამები მხოლოდ 2 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

რაც შეეხება საკრებულოებს, წარმომადგენლობით ორგანოთა 70%-ზე მეტი არ ახდენს დაგეგმილი სხდომების შესახებ მოქალაქეთა წინასწარ ინფორმირებას, არ აქვეყნებს სხდომის ოქმებს; 60%-ზე მეტ მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის პრაქტიკა.

ანგარიშის თანახმად, თითქმის არ ქვეყნდება მუნიციპალური იურიდიული პირების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს.

შეფასება ონლაინ პლატფორმის – WWW.LSGINDEX.ORG – გამოყენებით განხორციელდა.

ინდექსი შედგება 3 თემატური ბლოკისგან: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებაელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება. აღნიშნულ ბლოკები შეფასების 100 კრიტერიუმს აერთიანებს.

2017 წელს მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეფასება განხორციელდა 15 მაისიდან 15 ივლისის პერიოდში. შეფასდა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა აჟარის, ახალგორის, ერედვის, თიღვისა და ქურთის მუნიციპალიტეტებისა. შემფასებლის სტატუსით პროცესში მონაწილეობა მიიღო 10 რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის 21-მა წარმომადგენელმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. პროექტი ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

იხილეთ ანგარიში სრულად

მსგავსი სიახლეები