დღეს გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია, რომელზეც ყველაზე გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მუნიციპალიტეტები დასახელდა.
შეფასება ონლაინ პლატფორმის – WWW.LSGINDEX.ORG – გამოყენებით განხორციელდა.
შეფასების შედეგების მიხედვით, 2017 წლის საუკეთესო მაჩვენებლის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი გამოვლინდა. 100%-იან შეფასების სკალაზე მას 50%-იანი შედეგი აქვს. რუსთავის შემდეგ, გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში მოხვდნენ თელავის (44%), ოზურგეთის (44%), ჩხოროწყუსა (42%) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები (40%).
რაც შეეხება რეიტინგს მუნიციპალური ორგანოების მიხედვით, აღმასრულებელი ორგანოების (მერია/გამგეობა) საშუალო მაჩვენებელი შეფასების 100%-იან სკალაზე 19%-ია. ისევე, როგორც მუნიციპალიტეტების საბოლოო (აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების შეჯერებული შედეგები) შეფასებაში, საუკეთესო შედეგების მქონე აღმასრულებელი ორგანოების სათავეში აქაც ქალაქ რუსთავის მერიაა 49%-ით. შემდეგ მოდის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა – 44%, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა – 41%, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა – 39% და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა – 37%. ყველაზე დაბალი შედეგები კი ასპინძის, წალკის, თერჯოლისა და ქარელის გამგეობებს აქვთ.
საკრებულოების შეფასების საშუალო მაჩვენებელი შეფასების 100%-იან სკალაზე 24%-ია, რაც 5%-ით აღემატება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების შეფასების საშუალო მაჩვენებელს. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, ყველაზე საუკეთესო შედეგი ოზურგეთის საკრებულომ აჩვენა – 57%, შემდეგ მოდის რუსთავის (51%), თელავის (50%), ლაგოდეხისა (43%) და ჩხოროწყუს (40%) საკრებულოები.
დღესვე კვლევის ავტორებმა იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებს სწორედ გამჭვირვალობის მიმართულებით აქვთ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს.
ინდექსი შედგება 3 თემატური ბლოკისგან: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება. აღნიშნულ ბლოკები შეფასების 100 კრიტერიუმს აერთიანებს.
2017 წელს მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეფასება განხორციელდა 15 მაისიდან 15 ივლისის პერიოდში. შეფასდა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა აჟარის, ახალგორის, ერედვის, თიღვისა და ქურთის მუნიციპალიტეტებისა. შემფასებლის სტატუსით პროცესში მონაწილეობა მიიღო 10 რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის 21-მა წარმომადგენელმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. პროექტი ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.