ბორჯომის საკრებულოში მმართველი პარტია უმცირესობაში იქნება – როგორია პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ხუთში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ბორჯომში, კი, „ოცნების“ კანდიდატმა „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს მხოლოდ 24 ხმით მოუგო და აქ მეორე ტური გაიმართება.

რაც შეეხება საკრებულოებს, რეგიონის ექვსი საკრებულოდან ხუთში უმრავლესობა მმართველ გუნდს აქვს, ერთში – ბორჯომში კი, ოპოზიციას. ბორჯომს ეყოლება, ასევე, ყველაზე მრავალპარტიული საკრებულოც.  

სამცხე–ჯავახეთი საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში ერთადერთი ქალი მერი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ეყოლება.

ვინ გახდნენ თვითმმართველი თემების მერები და რა შედეგები აქვთ კანდიდატებს

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი პროგნოზი სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში მაღალი კონკურენციის შესახებ ნაწილობრივ გამართლდა.  რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, სადაც მერობისთვის ყოფილი პოლიციელები, პროკურორები, მოქმედი და ყოფილი გამგებლები და მათი მოადგილეები იბრძოდნენ, ხუთში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა, ერთში კი მეორე ტური დაინიშნა.

რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ყველაზე მეტი ხმა ნინოწმინდაში მიიღო – 75.35%. ყველაზე ნაკლები კი ბორჯომში – 40.35%.

აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მომავალი მერი, ანივარდ მოსოიანი, ერთადერთი ქალი მერია მთელს საქართველოში, რომელიც მუნიციპალიტეტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ცესკოს მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში, არჩევნების შედეგები ასეთია:

N36 – ბორჯომის ოლქი
N41 ლევან ლიპარტია, „ქართული ოცნება“ – 40.35% (5059 ხმა);
N8 ზაზა ჩაჩანიძე, „პატრიოტთა ალიანსი“ – 40.15% (5035 ხმა);

N37 – ახალციხის ოლქი
N41 ზაზა მელიქიძე, „ქართული ოცნება“ – 69.24% (12 426 ხმა);
N2 ვაჟა ჩიტაშვილი, „ევროპული საქართველო“ – 20.23% (3630 ხმა);

N38 – ადიგენის ოლქი
N41 ზაქარია ენდელაძე, „ქართული ოცნება“ – 60.12% (5913 ხმა);
N2 გელა სარაშვილი, „ევროპული საქართველო“ – 16.18% (1591 ხმა);

N39 – ასპინძის ოლქი
N41 როსტომ მაგრაქველიძე, „ქართული ოცნება“ – 56.4% (3768 ხმა);
N42 ლევან ცაბაძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – 30.86% (2062 ხმა).

N40 – ახალქალაქის ოლქი
N8 სამველ პეტროსიანი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 32.32% (6186 ხმა);
N41 იურიკ უნანიან, „ქართული ოცნება“ – 58.62% (11 221 ხმა).

N41– ნინოწმინდის ოლქი
N41 ანივარდ მოსოიანი, „ქართული ოცნება“ – 75.35% (8518 ხმა);
N8 გრიგორ მხითარიან, „პატრიოტთა ალიანსი“ – 15.77% (1783 ხმა);

როგორია პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება საკრებულოებში

სამცხე–ჯავახეთში საინტერესო შედეგით დასრულდა საკრებულოების არჩევნებიც. რეგიონში, ექვსი საკრებულოდან ხუთში, უმრავლესობა მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ აქვს; ერთში კი, ბორჯომში, 28-წევრიან საკრებულოში, „ოცნებამ“ მხოლოდ 13 ადგილი მოიპოვა.

ყველაზე მრავალპარტიულიც ბორჯომის საკრებულო იქნება – აქ ხუთი პარტია შედის;  ადიგენში, ასპინძასა და ახალქალაქში საკრებულოები ოთხი პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება;  ყველაზე ცოტა – სამ-სამი პარტია იქნება ახალციხისა და ნინოწმინდის საკრებულოებში.

ოპოზიციური წევრებიდან საკრებულოებში ყველაზე მეტი წევრი ბორჯომს – 28-დან 15; ყველაზე ნაკლები კი ნინოწმინდას – 24-დან 2, ეყოლება; 5-5 ოპოზიციონერი ეყოლებათ ახალციხესა და ასპინძას და 7-7 – ადიგენსა და ახალქალაქს.

ოპოზიციიდან ყველაზე მეტი – 20 დეპუტატი, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით, რეგიონში, „პატრიოტთა ალიანსმა“ გაიყვანა: 11 – ბორჯომში, 5 – ახალქალაქში, 2 – ასპინძაში, თითო-თითო – ადიგენსა და ნინოწმინდაში. ერთადერთი საკრებულო, სადაც პატრიოტებს წევრი არ ეყოლებათ, ახალციხეა;

მეორე ადგილზე, 12 დეპუტატით, „ევროპული საქართველოა“. პარტიას ყველაზე მეტი, 5 დეპუტატი ადიგენში ჰყავს, 3 – ახალციხეში, 2 – ასპინძაში, თითო-თითო ბორჯომსა და ახალქალაქში და საერთოდ არ ჰყავს დეპუტატი ნინოწმინდაში;

7 დეპუტატი ჰყავს რეგიონში „ნაციონალურ მოძრაობას“ – 2-2 ბორჯომსა და ახალციხეში, ხოლო თითო-თითო – ადიგენში, ასპინძასა და  ნინოწმინდაში; პარტიას დეპუტატი არ ჰყავს ახალქალაქში;

თითო-თითო დეპუტატი ჰყავთ დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალ საქართველო (ახალქალაქში) და „ლეიბორისტულ პარტიას“ (ბორჯომში).

რეგიონში, ყველაზე დიდი ახალქალაქის (38 წევრი), ყველაზე მცირე კი ნინოწმინდის საკრებულოა (26 წევრი); რეგიონის ექვსი საკრებულოს 182 დეპუტატიდან მხოლოდ 23–ია ქალი. რაც შეეხება ეთნიკურ გადანაწილებას, 182 დეპუტატიდან 69 სომეხი ეროვნების, 113 კი ქართველი ეროვნებისაა.

როგორია საკრებულოების შემადგენლობა თვითმმართველობების მიხედვით

ახალციხე

ახალციხის საკრებულოში, რომელიც 33 დეპუტატით კომპლექტდება, სამი პარტია შედის.  33 დეპუტატიდან, საიდანაც, 18 მაჟორიტარია, 15 კი პროპორციული წესით შესული დეპუტატი, ოპოზიციიდან მხოლოდ ხუთი წარმომადგენელი იქნება, – სამი „ევროპული საქართველოდან“ და ორი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

ახალციხის საკრებულოში 18-ვე მაჟორიტარი „ქართული ოცნების“ წევრია. გარდა ამისა, მმართველი გუნდი საკრებულოში კიდევ ათ დეპუტატს პროპორციული წესით შეიყვანს  – საკრებულოში პარტიის სიის პირველი ათეული მოხვდა. დანარჩენ ხუთ ადგილს კი ორი პარტია იყოფს.

„ევროპულ საქართველოს“ ახალციხის საკრებულოში სიის პირველი სამეული უნდა შეეყვანა, თუმცა, სიის პირველმა ნომერმა, მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ვაჟა ჩიტაშვილმა, რომელმაც მერის არჩევნებში, ამომრჩეველთა ხმების 20.23% მიიღო, საკრებულოში შესვლაზე უარი თქვა. ამიტომ „ევროპული საქართველოს“ პირველ ათეულში გადანაცვლება მოხდა და  პარტიიდან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში გელა დემეტრაძე, ირინა გელაშვილი და  ემანუელ პოზოიანი შევლენ.

„ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოში სიის პირველი ორი ნომერი შევლენ: კობა სანდროშვილი და ნატო დარბაიძე.

საბოლოოდ, ახალციხეში ძალთა გადანაწილება ასეთია:

  1. „ქართული ოცნება“ – 28 დეპუტატი;
  2. „ევროპული საქართველო“ – 3 დეპუტატი;
  3. „ნაციონალური მოძრაობა“ – 2 დეპუტატი;

საკრებულოს 33 წევრიდან ქალი მხოლოდ ექვსია. მათ შორის ოთხი მმართველი პარტიიდანაა: ზოია ბალიაშვილი, თამარ გოგოლაძე, მანანა ბალიაშვილი და პაიცარ მანასიანი; ორი კი ოპოზიციიდან: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნატო დარბაიძე და „ევროპული საქართველოს“ წევრი ირინა გელაშვილი.

ადიგენი

30 დეპუტატით კომპლექტდება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ადიგენში, წარმომადგენლობით ორგანოში ოთხი პარტია მოხვდა. 30 დეპუტატიდან 15 მაჟორიტარული წესით შევა და ამდენივე პროპორციულით. მაჟორიტარებშიც და პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატებშიც უმრავლესობა მმართველ გუნდს აქვს.ადიგენის საკრებულოში 23 დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ იქნება და მხოლოდ 7 ოპოზიციიდან.

ადიგენის საკრებულოში 15 მაჟორიტარიდან 13 „ქართული ოცნების“ წევრია; პროპორციული სიით შესასვლელი 15 ადგილიდან კი მმართველ გუნდს ათი მანდატი ერგო.  დანარჩენ შვიდ ადგილს კი „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ იყოფენ. ამათგან, „ევროპულ საქართველოს“ ხუთი, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ კი თითო-თითო დეპუტატი ეყოლებათ.

შვიდი ოპოზიციონერიდან სამი მერობის ყოფილი კანდიდატია: გელა სარაშვილი – „ევროპული საქართველოდან“, რატი ტატალაშვილი – „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მინდია ჯელია – „პატრიოტთა ალიანსიდან“. ამ არჩევნებში გელა სარაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 16.18%, რატი ტატალაშვილმა – 6.65% და მინდია ჯელიამ 11.67% მიიღო. სამივე მათგანი საკრებულოში პროპორციული წესით შედის.

საბოლოოდ, ადიგენში ძალთა გადანაწილება ასეთია:

  1. „ქართული ოცნება“ – 23 დეპუტატი;
  2. „ევროპული საქართველო“ – 5 დეპუტატი;
  3. „ნაციონალური მოძრაობა“ – 1 დეპუტატი;
  4. „პატრიოტთა ალიანსი“ – 1 დეპუტატი.

ადიგენის საკრებულოში, 30 დეპუტატიდან, მხოლოდ სამი ქალი იქნება. სამივე მათგანი პროპორციული სიით „ქართული ოცნებიდან“ შევა.

ასპინძა

ასპინძის საკრებულოში, სადაც, მაჟორიტარული წესით 12, პროპორციული წესით კი 15 დეპუტატი შედის (სულ 27),  22 დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, 5 კი ოპოზიციური პარტიებიდან იქნება. ხუთივე მათგანი საკრებულოში პროპორციული წესით მოხვდა.

ასპინძაშიც, ისევე, როგორც ახალიციხეში, საკრებულოში ყველა მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“ შედის. გარდა 12 მაჟორიტარისა, მმართველი გუნდი საკრებულოში პროპორციული წესით სიის პირველ ათეულსაც შეიყვანს.

დარჩენილ ხუთ ადგილს ასპინძაში სამი პარტია გაიყოფს. ხუთი მანდატიდან ორი „ევროპულ საქართველოს“, ამდენივე „პატრიოტთა ალიანსს“, ერთი კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ერგო.

„ევროპული საქართველოდან“ ასპინძის საკრებულოში, პროპორციული წესით, სიის პირველი და მეორე ნომრები უნდა შესულიყვნენ. თუმცა, ახალციხის მსგავსად, ასპინძაშიც, სიის პირველმა ნომერმა, ასევე, მერობის ყოფილმა კანდიდატმა ტარიელ ლონდარიძემ, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 9,46% მიიღო, მანდატზე უარი თქვა. ამიტომ, საკრებულოში სიის მეორე და მესამე ნომრები – მერი გიორგაძე და ფრიდონ ლონდარიძე შევლენ.

ტარიელ ლონდარიძისგან განსხვავებით, მანდატზე უარი არ უთქვამს მერობის კიდევ ერთ კანდიდატსა და სიის პირველ ნომერს, მალხაზ მოსიძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მოსიძემ ასპინძის მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე ცოტა ხმა – 3.28 % მიიღო.

„პატრიოტთა ალიანსიდან“ საკრებულოში კობა ზედგინიძე და გელა ზედგინიძე შევლენ.

საბოლოოდ, ასპინძაში ძალთა გადანაწილება ასეთია:

  1. „ქართული ოცნება“ – 22 დეპუტატი;
  2. „ევროპული საქართველო“ – 2 დეპუტატი;
  3. „პატრიოტთა ალიანსი“ – 2 დეპუტატი;
  4. „ნაციონალური მოძრაობა“ – 1 დეპუტატი;

ასპინძაში, 27 დეპუტატიდან მოლოდ ოთხი ქალი იქნება, სამი – „ქართული ოცნებიდან“, ხოლო ერთი – „ევროპული საქართველოდან“ .

ბორჯომი

სამცხე–ჯავახეთში ყველაზე მრავალპარტიული საკრებულო ბორჯომს ეყოლება; საკრებულოში ხუთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შედის. ბორჯომი რეგიონში ის გამოანკლისია, სადაც „ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს – საკრებულოში 13 დეპუტატი მმართველი გუნდიდან, 15 კი ოპოზიციიდან იქნება.

საკრებულოში, 28 დეპუტატიდან, 13 მაჟორიტარი იქნება და 15 – პარტიული სიით.

13 მაჟორიტარული მანდატი ბორჯომში „ქართულმა ოცნებამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გაიყვეს. მმართველი გუნდი საკრებულოში 7–ს, „პატრიოტთა ალიანსი“ კი 6 მაჟორიტარს შეიყვანს. აღსანიშნავია, რომ ბორჯომის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატმა საქართველოს პარლამენტის წევრის, გედევან ფოფხაძის ძმას, საკრებულოს მოქმედ წევრს, ბესიკ ფოფხაძეს მოუგო.

რაც შეეხება პროპორციულის წესით შესულ დეპუტატებს, „ქართულ ოცნებას“ ექვსი მანდატი ერგო. პროპორციული სიით მმართველი პარტიიდან საკრებულოში შევლენ: გიორგი ფერაძე, ირაკლი კვირკველია, თამარ სხირტლაძე, ივანე შალუტაშვილი, ლევან ლონდარიძე და უჩა ხვინგია.

5 მანდატი „პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღო. საკრებულოში პარტია ირმა ზედგინიძეს, მაკა ნოზაძეს, ნიკოლოზ კიკნაძეს, მერაბ კვარაცხელიას და ტატიანა მარტინენკოს შეიყვანს.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები იქნებიან ბაკურ გელაშვილი და ვახტანგ ქვათაძე.

„ევროპული საქართველოდან“ ერთი მანდატით საკრებულოში ბაქარ შირაძე შევა. ასევე, ერთი მანდატით შევა „ლეიბორისტული პარტიიდან“ გიორგი გიუაშვილი.

საბოლოოდ,  ბორჯომში ძალთა გადანაწილება ასეთია:

  1. „ქართული ოცნება“ – 13 დეპუტატი;
  2. „პატრიოტთა ალიანსი“ – 11 დეპუტატი;
  3. „ნაციონალური მოძრაობა“ – 2 დეპუტატი;
  4. „ევროპული საქართველო“ – 1 დეპუტატი;
  5. „ლეიბორისტული პარტია“ – 1 დეპუტატი.

საკრებულოში 28 წევრიდან 6 ქალი იქნება. აქედან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი – 4, „ქართულ ოცნების“ წევრი კი – 2;

ახალქალაქი

სამცხე-ჯავახეთის საკრებულოებში ყველაზე მეტი – 38 წევრი ახალქალაქს ეყოლება, – 23 მაჟორიტარული, 15 კი პროპორციული წესით. ახალქალაქის საკრებულოში უმრავლესობა მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ ექნება – 31 დეპუტატი. ოპოზიციური პარტიებიდან კი საკანონმდებლო ორგანოში სამი პარტიის 7 წარმომადგენელი მოხვდა.

ოპოზიციიდან ყველაზე მეტი – 5 დეპუტატი ახალქალაქის საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსს“ ეყოლება. მათ შორის, ერთი მერობის კანდიდატი, სამველ პეტროსიანი, რომელმაც არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 32,32 % მიიღო.

ახალაქის საკრებულოში, 23 მაჟორიტარიდან, 22 „ქართული ოცნების“ წევრია, ერთი კი „პატრიოტთა ალიანსის“;

რაც შეეხება პროპორციული წესით გასულ დეპუტატებს, საკრებულოში თითო მანდატი აქვთ „ევროპულ საქართველოსა“ და „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” და ოთხი – „პატრიოტთა ალიანსს“. მმართველმა გუნდმა საკრებულოში, პროპორციული წესით, 9 წევრი შეიყვანა.

საბოლოოდ,  ახალქალაქში ძალთა გადანაწილება ასეთია:

  1. „ქართული ოცნება“ – 31 დეპუტატი;
  2. „პატრიოტთა ალიანსი“ –5 დეპუტატი;
  3. „ევროპული საქართველო“ – 1 დეპუტატი;
  4. დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობათავისუფალი საქართველო – 1 დეპუტატი;

ახალქალაქის საკრებულოში 38 დეპუტატიდან მხოლოდ ორი ქალია, რომლებიც „ქართული ოცნების“ პროპორციული სიიდან შევიდნენ.

ნინოწმინდა

ნინოწმინდის საკრებულო 26 დეპუტატით დაკომპლექტდება და მათგან 24 მმართველი გუნდიდან იქნება. ოპოზიციამ ნინოწმინდაში მხოლოდ ორი დეპუტატი გაიყვანა და ისიც პროპორციული წესით.

ნინოწმინდაში, 11 მაჟორიტარიდან, ყველა მმართველი პარტიის წევრია. „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოში პარტიული სიის 13 წევრიც შეიყვანა.

დანარჩენი ორი პროპორციული მანდატი კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გადაინაწილეს.

საბოლოოდ,  ნინოწმინდაში ძალთა გადანაწილება ასეთია:

  1. „ქართული ოცნება“ – 24 დეპუტატი;
  2. „პატრიოტთა ალიანსი“ –1 დეპუტატი;
  3. „ნაციონალური მოძრაობა“ – 1 დეპუტატი.

ნინოწმინდის საკრებულოში მხოლოდ ორი ქალი, პარტიული სიით, „ქართული ოცნებიდან“ შევა.

რა ხდებოდა არჩევნების დღეს სამცხე-ჯავახეთში

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთში არჩევნების დღეს, შედეგის მიუხედავად, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ასპინძა იყო.

ასპინძაში, სადაც ერთმანეთს მოქმედი გამგებელი, დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან ცაბაძე და „ქართული ოცნებიდან“  საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, როსტომ მაგრაქველიძე უპირისპირდებოდნენ, ხმაური საღამოს „ქართული მარშის“ 30–მდე წევრისა და რაგბისტების ჩასვლამ გამოიწვია. ისინი ამბობდნენ, რომ ლევან ცაბაძეს „ოცნება“ არჩევნებს უყალბებდა და ასპინძაში მისი ხმების დასაცავად ჩავიდნენ.

ამ ფაქტის გამო ასპინძაში, იმ უბნებთან, სადაც „ქართული მარშის“ წევრები ტრიალებდნენ, სამართალდამცველების სიმრავლე იყო. დაბაში მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმიც, მაგრამ, ასპინძაში არჩევნების დღე მშვიდად, გართულებების გარეშე დასრულდა.

ლევან ცაბაძე არჩევნებში დამარცხდა. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, როსტომ მაგრაქველიძემ მას არჩევნები 1706 ხმით მოუგო. ასპინძის 23 საარჩევნო უბნიდან ცაბაძემ მაგრაქველიძეს არჩევნები მხოლოდ სამ უბანზე მოუგო.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ ლევან ცაბაძემ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა, რის გამოც შედგებს გაასაჩივრებდა და ასპინძას მეორე ტურამდე მიიყვანდა.

ასპინძაში საქმე მეორე ტურამდე არა, მაგრამ, სასამართლომდე ნამდვილად მივიდა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ N4 დამალის საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში 50 ბათილი ბიულეტინი საეჭვოდ მიიჩნია და მათი ხელახლა გადასინჯვა მოითხოვა. აღნიშნული საკითხი ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ განხილვისას იმ მიზეზით არ დააკმაყოფილა, რომ კანონით არაა განსაზღვრული, თუ რამდენი ბათილი ბიულეტინი არ შეიძლება იყოს უბანზე. მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთი ბულეტინი ამ უბანზე შედეგებს ვერ შეცვლიდა, საიამ საოლქოს გადაწყვეტილება სასამართლოში მაინც გაასაჩივრა.  სარჩელი არც მოსამართლე გია ბერაიამ დააკმაყოფილა. მისი თქმით, მომჩივანმა დარღვევაზე ვერ მიუთითა, მხოლოდ ეჭვი კი ბიულეტინების გადასინჯვის საფუძველი ვერ გახდებოდა.

ასპინძის მსგავსად, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ადიგენმაც. აქ განსაკუთრებული ხმაური ერთ-ერთ სოფელთან დაბანაკებული სპეციალური დანიშნულების რაზმის სამი მანქანისა და 15–მდე სპეცრაზმელის გამოჩენამ გამოიწვია. მედიაში ფოტოს გავრცელებიდან მალევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სპეცრაზმი კი არა, უსაფრთხოების მიზნით, პოლიციის დამატებითი ძალები იყო მობილიზებული.

რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში, დღის განმავლობაში, ძირითადად, წვრილ-წვრილი პროცედურული დარღვევები ფიქსირდებოდა, რომლებსაც არჩევნების შედეგებზე გავლენა არც ერთ მუნიციპალიტეტში მოუხდენია.

სამცხე-ჯავახეთში ახლა მთელი ყურადღება ბორჯომზეა, სადაც პირველ-მეორე ადგილებზე გასულ კანდიდატებს შორის სხვაობა მხოლოდ 24 ხმაა. არჩევნების მეორე ტური, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 12 ნოემბერს გაიმართება

მსგავსი სიახლეები