პოლიციელები, პროკურორები, დეპუტატები, მოქმედი და ყოფილი გამგებლები – სამცხე-ჯავახეთს კონკურენტული არჩევნები ელის

1099

მოქმედი და  ყოფილი გამგებელი, გამგებლის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, საოლქო კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტარი,  პოლიციელი და პროკურორი – სამცხე–ჯავახეთს ადგილობრივი თვითმმართველობის ცხელი არჩევნები ელის.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებზე, სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში მერობისთვის 32 კანდიდატი იბრძვის  – 1 ქალი და 31 კაცი. 32–დან 1 დამოუკიდებელი, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია, 30 კი – სხვადასხვა პოლტიკური პარტიების.

ამ 32-დან სამი მოქმედი გამგებელია – ზაზა მელიქიძე ახალციხეში, ზაქარია ენდელაძე – ადიგენში და ლევან ცაბაძე – ასპინძაში. თუმცა, მათგან არჩევნებში კვლავ მმართველი გუნდის სახელით მხოლოდ მელიქიძე და ენდელაძე მონაწილეობენ. ასპინძის გამგებელი ლევან ცაბაძე არჩევნებში საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, იგი დამოუკიდებელი კანდიდატია. მმართველ გუნდს კი მის კონკურენტად საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, როსტომ მაგრაქველიძე ჰყავს.

ლევან ცაბაძე ერთადერთი გამოაკლისი არ არის მათ შორის, ვინც ხელისუფლებაში „ქართული ოცნებიდან“ მოხვდა და ამ არჩევნებში „ოცნების“ კონკურენტად გვევლინება. ბორჯომში მერობისთვის იბრძვის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეც, რომელიც, ცაბაძისგან განსხვავებით, არა დამოუკიდებელი, არამედ სხვა პოლიტიკური ძალის – „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატია.

მმართველ გუნდს განუდგა კიდევ ერთი კანდიდატი – მინდია ჯელიაც, რომელიც ადიგენში გამგებლის მოადგილე იყო. ჯელია გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ თანამდებობიდან 2017 წლის 20 თებერვალს გაათავისუფლა. მისი გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი გამგებელს არასოდეს განუმარტავს, თუმცა, ადიგენის თვითმმართველობაში ამბობდნენ, რომ მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ლობჯანიძის ჩავარდნილ იმპიჩმენტს შეეწირა. ჯელიამ მისი გათავისუფლების საქმე გაასაჩივრა და პროცესი მოიგო კიდეც, თუმცა, გამგეობას საქმე ზემდგომ ინსტანციაში აქვს გასაჩივრებული და ჯერ განხილვა არ დაწყებულა.

„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან მოქმედი გამგებლები კანდიდატებად მხოლოდ ორში, ადიგენსა და ახალციხეში დატოვა, დანარჩენ ოთხ მუნიციპალიტეტში კი ახალი სახეები შეარჩია.

„ოცნების“ ახალ სახეებს შორის არიან: ნინოწმინდა-ახალქალაქის რაიონული პროკურორი  იურიკ უნანიანი, რომელიც ახალქალაქის მერობის კანდიდატია; ნინოწმინდის მერობის კანდიდატი, ანივარდ მოსოიანი , რომელიც ნინოწმინდის საკრებულოში განათლების კომისიის თავმჯდომარეა  (ის, სხვათა შორის, ერთადერთი ქალია რეგიონის მერიბის 32 კანდიდატს შორის);  როსტომ მაგრაქველიძე, რომელიც 11 წლის განმავლობაში, 2006-დან 2017 წლის 1 სექტემბრამდე, N39 ასპინძის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო და ბორჯომის მერობის კანდიდატი – ლევან ლიპარტია, რომელიც 2007 წლიდან სხვადასხვა დროს იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების „კრედოს“, „ქართული კრედიტისა“ და „კრისტალის“ ბორჯომის ფილიალების მმართველი;

მერობის კანდიდატებს შორის არიან ყოფილი პარლამენტარებიც: ვაჟა ჩიტაშვილი – ახალციხეში, ტარიელ ლონდარიძე – ასპინძაში და სამველ პეტროსიანი – ახალქალაქში. სამივე მათგანი საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. სამივე მათგანი ახლა არჩევნებში სხვა პარტიის სახელით ერთვება.

ამ სამიდან ორი, ვაჟა ჩიტაშვილი და ტარიელ ლონდარიძე,  გასულ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ამავე პარტიის სახელით მონაწილეობდნენ. ამათგან ერთმა, ვაჟა ჩიტაშვილმა, მმართველი გუნდის კანდიდატს, გიორგი კოპაძეს, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური ახალციხე–ადიგენში  მოუგო კიდეც  ( ვაჟა ჩიტაშვილი – 44,07%, გიორგი კოპაძე – 39.65%) და მეორე ტურში დამარცხდა. ორივე მათგანი ახლა არჩევნებში ახალი პარტიის – „ევროპული საქართველოს“ სახელით მონაწილეობს.

სამველ პეტროსიანმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგები ჯერ კიდევ პარლამენტში ყოფნისას, 2015 წლის სექტემბერში დატოვა და საპარლამენტო უმცირესობის წევრად დარჩა. გასულ წელს მას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც სურდა, მას კანდიდატად განიხილავდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა, პარტიის სახელით კენჭი არ უყრია. თავად პეტროსიანი შეთავაზებას „ქართული ოცნებიდან“ ელოდა და კანდიდატად ენზელ მკოიანის დასახელებას მისი უკმაყოფილება მოჰყვა. მოგვანებით იგი მისი შვილის პარტიულ სიაში ჩასმასაც ელოდა, თუმცა, ესეც არ მოხდა. ამჟამად პეტროსიანი კენჭს „პატრიოტთა ალიანსიდან“ იყრის.

ამ სამი ყოფილი პარლამენტარიდან ორი წლების განმავლობაში ძალოვან უწყებაში მუშაობდა. ვაჟა ჩიტაშვილს 2004-2012 წლებში, სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში, სვადასხვა პოზიცია ეკავა. სამველ პეტროსიანი კი 2006 წლის სექტემბრიდან ახალქალაქის პოლიციის უფროსი იყო. პეტროსიანი “ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ასპარეზზე ახლადგამოჩენილი „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ნორიკ კარაპეტიანს დაუპირისპირა. საინტერესო იყო ის რომ, ორივე მათგანს ჰქონდა კავშირები ორგანიზაცია „ჯავახკთან“, პეტროსიანი მისი ყოფილი, კარაპეტიანი კი მოქმედი თავმჯდომარე იყო. იმ არჩევნებზე პეტროსიანმა 77%,  კარაპეტიანმა კი 20% აიღო.

ჩიტაშვილისა და პეტროსიანის გარდა, მერობის კანდიდატებს შორის, ძალოვანი უწყებებიდან სხვა კანდიდატებიც გვხგდებიან, მათ შორის: იურიკ უნანიანი – „ქართული ოცნების“ ახალქალაქის მერობის კანდიდატი; ირაკლი ბარძიმაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის მერობის კანდიდატი და ვალერი გრიგალაშვილი – ბორჯომის მერობის კანდიდატი ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.  სამივე მათგანი სხვადასხვა პერიოდში, პროკურატურაში მუშაობდნენ.

იურიკ უნანიანი ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეა. იგი 1991 წლიდან ამ დრომდე, ახალქალაქის პროკურატურაში მუშაობდა, იყო გამომძიებელიც და რაიონული პროკურორიც.

საგამოძიებო უწყებებში 10-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს ირაკლი ბარძიმაძეს. იგი იყო გამომძიებელი ასპინძაში, რიგითი პროკურორი ახალციხეში, პროკურორის მოადგილე ახალქალქში, 2008-2011 წლებში კი ოლქის პროკურატურაში მუშაობდა.

ასევე, 1990 წლიდან მუშაობდა პროკურატურაში ვალერი გრიგალაშვილი, ჯერ თბილისის რაიონულ პროკურატურებში, 2004 წელს თბილისის პროკურორად,  2005-2008 წლებში – საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსად.

კანდიდატებს შორის გვხვდებიან ყოფილი პოლიციელები. მაგალითად, ადიგენის მერობის კანდიდატი გელა სარაშვილი „ევროპული საქართველოდან“. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში 17 წლის განმავლობაში მუშაობდა, იყო ადიგენში რაიონული პოლიციის უფროსიც.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში მუშაობდა ახალციხის მერობის კანდიდატი პარტიიდან – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“, ჯიმშერ გოგოლაური. იგი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოში კრიმინალური პოლიციის ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილბის უფროსი ინსპექტორი იყო. ასევე, მუშაობდა დაცვის პოლიციაში.

უშიშროების სფეროდანაა მამიკონ სააკიანი, რომელიც  საარჩევნო ბლოკიდან „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო” ნინოწმინდის მერობის კანდიდატია. იგი ნინოწმინდაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი ნინოწმინდის მეორე სკოლაში მასწავლებლად მუშაობს.

რა არჩევანს გააკეთებენ ადგილობრივები, ეს უკვე სულ მალე, 15 დღეში გაირკვევა. რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ახალციხეში, მეორე ტურს პროგნოზირებენ.