ირაკლი ქადაგიშვილი: “რეგიონების განვითარების მომავალი სამხარეო დონეზე თვითმმართველობის შემოღებაშია”

ფიქრობს, რომ საქართველოში ორდონიანი თვითმმართველობა უნდა ჩამოყალიბდეს და რეგიონს მეტი უფლებამოსილება მიეცეს; ამბობს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში თვითმმართველ ქალაქ თელავში ბევრი რამ გაკეთდა და იმედოვნებს, რომ მუნიციპალიტეტთან გაერთიანების შემდეგ ბიუჯეტი არ შემცირდება. აცხადებს, რომ მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმების შექმნა და რეგიონში ინვესტიციების მოზიდვაა. რა გააკეთა, რას გეგმავს და როგორ ხედავს სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ინსტიტუტის როლს რეგიონის განვითარების საქმეში, ამაზე droa.ge კახეთში სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორს ირაკლი ქადაგიშვილს ესაუბრა:

­ბატონო ირაკლი, უკვე ერთი წელი შესრულდა, რაც კახეთში სახელმწიფო რწმუნებულად – გუბერნატორად დაინიშნეთ. როგორ შეაფასებდით ამ ერთ წელს? თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, რისი გაკეთება შეძელით.

– რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდი არსებული საქმეების, ადამიანების, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ვითარების გასაცნობად დამჭირდა. ჩემი საქმიანობა, ძირითადად, მიმართულია იქითკენ,  რომ შეიქმნას რეგიონის და მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმები. მოკლედ, რომ ვთქვათ, ესაა ჩემი საქმიანობის ძირითადი მიმართულება.

– გუბერნატორის ინსტიტუტი ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელებაა, რომელსაც ბევრი უფლებამოსილებაც არ გააჩნია. ამიტომაც ხშირად ამბობენ, რომ სრულიად უფუნქციო დანამატია. ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ინსტიტუტის გაუქმებასაც ითხოვს. როგორ ფიქრობთ, საჭიროა ამ უფლებამოსილებით გუბერნატორის ინსტიტუტის არსებობა რეგიონში ან რა ფუნქციას დაუმატებდით დაუმატებდით იმისათვის, რომ საქმიანობა უფრო ეფექტური გახადოთ?

– პირველი ფუნქცია, რაც გუბერნატორს გააჩნია, არის ის, რომ გაატაროს სახელმწიფოს პოლიტიკა რეგიონში, გაუწიოს მთავრობის პროგრამებს კოორდინაცია და, ამავდროულად, გაუწიოს კონტროლი ამ პროგრამების განხორციელებას იმ ფარგლებში, რასაც მთავრობა მიანიჭებს. მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ერთდონიანი თვითმმართველობა და მუნიციპალიტეტების დაფინანსება, ძირითადად, ხდება გამოთანაბრებითი ტრანსფერით. ამიტომ მუნიციპალიტეტები, ძირითადად, მიმართული არიან იმ საკითხების გადაწყვეტით, რაც კანონმდებლობით მათი უფლებამოსილებაა და იმ ტერიტორიის განვითარებით, რომელიც მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება. არსებობს რიგი საკითხები, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება, ისევ უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ვერ აგვარებს, რადგან ის რეგიონის დონეზეა გადასაწყვეტი. საკითხები, რომელიც რეგიონის განვითარებისკენ, ინვესტიციების მოზიდვისკენ, ინტერმუნიციპალური პროექტების განხორციელებისკენ არის მიმართული, სწორედ გუბერნატორის კოორდინაციით უნდა გადაწყდეს, ცხადია, მუნიციპალიტეტების ჩართულობით. მე შემიძლია რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო, რაზეც მუნიციპალიტეტებთან ერთად ვმუშაობთ. პირველი არის სივრცითი განვითარების გეგმები.

– რეგიონის სივრცითი განვითარების გეგმას აკეთებთ?

– სამწუხაროდ, ეს ჯერ რეგიონის დონეზე ვერ ხორციელდება, რადგან ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ კახეთში სივრცითი განვითარების ორ გეგმაზე უკვე ვმუშაობთ – ეს არის თუშეთისა და თელავის სივრცითი განვითარების გეგმები. მოგეხსენებათ, თუშეთი ტურისტულად მიმზიდველი კუთხეა და ამიტომ მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, თელავი კი გახლავთ ეკონომიკური განვითარების ეპიცენტრი და გვინდა, ისეთ ქალაქად ვაქციოთ, რომელშიც იმგვარ სიმახინჯეებს არ მივიღებთ, რაც დეველოპერული განვითარების დროს მივიღეთ, მაგალითად, თბილისში ან სხვა ქალაქებში. ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად გვეხმარება ამ საქმეში.

– დავაზუსტებ, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს მუნიციპალიტეტების სივრცითი განვითარებისთვის ტენდერს?

– დიახ.

– თავად მუნიციპალიტეტი რატომ არ აცხადებს ტენდერს? რატომ არ შეიძლება, რომ თავად შეიმუშაოს თავისი განვითარების გეგმა და სტრატეგია და არა ცენტრალურმა ხელისუფლებამ?

– მუნიციპალიტეტს, რა თქმა უნდა, შეუძლია გამოაცხადოს მსგავსი ტიპის ტენდერი, მაგრამ მას არ გააჩნია არანაირი საშუალება, რომ ის თანხა გადაიხადოს, რაც სივრცითი განვითარების გეგმას და განაშენიანების რეგულაციის გეგმას დასჭირდება.

– თუმცა, არსებობს არაერთი დონორი ორგანიზაცია, რომელსაც შეიძლება, მხარდაჭერისთვის მუნიციპალიტეტმა თავად მიმართოს და ამისთვის თანხები არა ცენტრალურ ბიუჯეტში, არამედ ადგილობრივ ბიუჯეტში აკუმულირდეს. მოიძიოს გრანტები, რომლითაც ამ პროგრამას განახორციელებს. ხომ შეიძლება, ცენტრმა მისცეს მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა, თავად შეიმუშაოს საკუთარი განვითარების გეგმები.

– ვიმეორებ, რომ ყველა უფლების განხორციელებას სჭირდება კომპეტენცია და ფინანსური უზრუნველყოფა. დღეს მუნიციპალიტეტს ამის არც კომპეტენცია და არც ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს და არც ექნება მანამ, სანამ სახელმწიფო ერთიორად არ გამდიდრება. მაგრამ ამას ჩვენ ვერ დაველოდებით. ამიტომაც შევდივართ ცენტრალურ ხელისუფლებაში ინიციატივით, მთავრობის, ანუ ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით გამოცხადდეს ტენდერი, შეირჩეს კომპანია და დაიწეროს განვითარების გეგმები. მე მომიწია გერმანიასა და ავსტრიაში ყოფნა და სივრცითი განვითარების გეგმებზე ევროპაში მუშაობენ ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც არ არიან პირდაპირ მუნიციპალიტეტებთან მიბმული.

– ევროპულ ქვეყნებში ასეთი კომპანიები, რომლებიც მუნიციპალურ პროექტებზე მუშაობენ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ბმაში არ არიან, ისინი სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობენ…

– მესმის, მაგრამ მე რა მინდა, იცით, დაგანახოთ? რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად ვერ აწევს და მას ცენტრალური ხელისუფლება უნდა დაეხმაროს. მაგალითად, კახეთში ტრანსპორტის პრობლემა სერიოზულად დგას. ეს არა მხოლოდ აქ მცხოვრები მოსახლეობის, არამედ ტურისტებისთვისაც პრობლემაა. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მოძველებულ მიკროავტობუსს, მუნიციპალიტეტებს არ ჰყავთ ტრანსპორტი, ასევე, არ არსებობს მუნიციპალიტეტებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლა, არ არსებობს ტურისტულ მარშრუტებზე მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურება. ჩვენ საერთაშორისო დონორებთან ვმუშაობთ, რომ მოხდეს ინტერმუნიციპალური და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება კახეთში. ეს, ალბათ, რამდენიმე მილიონიანი პროექტი იქნება. დიახ, დონორებს აქვთ მუნიციპალური განვითარებისთვის თანხები გამოყოფილი, მაგრამ ამ პროგრამებს სწორედ მთავრობის გავლით ახორციელებენ. ჩვენ სწორედ გამტარი რგოლი ვართ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.

– მთავრობის დებულებით, თქვენ უფრო საკონსულტაციო ფუნქცია გაგაჩნიათ და ეს, ფაქტობრივად, თქვენი საუბრიდანაც აშკარად იკვეთება. ისევ მინდა იგივე კითხვას დავუბრუნდე – ის ფუნქციები, რომელიც გაგაჩნიათ, საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ რეგიონის პრობლემების გადასაწყვეტად ეფექტურად იმუშაოთ?

-რა თქმა უნდა, შეიძლება უფრო მეტი ფუნქცია გვქონდეს, თუმცა, ამ ფუნქციებითაც გარკვეულ საქმიანობას ვეწევით.

რაც შეეხება იმას, თუ რა დამატებითი ფუნქციები შეიძლება გვქონდეს, მე საკითხს ასე დავსვამდი – ქვეყანას სჭირდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორი დონე. პირველი – თვითმმართველობის ყველაზე დაბალი – პირველადი დონე და მეორე დონე, სადაც კონცენტრირებული იქნება ისეთი მასშტაბური საკითხები, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ.

– ანუ თქვენ ორდონიანი თვითმმართველობის მომხრე ხართ?

– კი, ისე, როგორც ეს ევროპის ქვეყნებში არსებობს, სადაც პირველადი დონე არის მუნიციპალიტეტი, თუმცა, შეიძლება თემის დონეზეც ჩავშალოთ პირველი დონის თვითმმართველობები და სამხარეო დონეზე თვითმმართველობა.

– თუმცა, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა სამართლებრივად მხარეც არ გვაქვს, არათუ სამხარეო დონეზე თვითმმართველობა…

– დიახ, ასეა, რადგან ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გამო, თვითმმართველობის მეორე დონე ჯერ ვერ შემოგვაქვს.

არადა, მიმაჩნია, რომ რეგიონების განვითარების მომავალი სწორედ ეს არის. სწორედ მეორე დონის თვითმმართველობის შემოღების პარალელურად, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ პირველი დონის მუნიციპალიტეტების კიდევ უფრო დანაწევრებაზეც.

მაგრამ დღეს, ვიმეორებ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ამას ვერ ვაკეთებთ. თუმცა, ამ ეტაპზე შესაძლებელია, რომ გარკვეული საკონსულტაციო ფუნქციების დამატებით მოხდეს გუბერნიის როლის გაზრდა. არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება გუბერნიას თვითმმართველობის ფუნქციების დუბლირება, მაგრამ ვიმეორებ, როგორც რეგიონული პროექტების კოორდინატორს, ფუნქციები უნდა გაეზარდოს. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ შეიძლება, მთავრობამ გუბერნატორებზე გარკვეული ფუნქციების დელეგირება შეიძლება განახორციელოს.

– როგორც ვხვდები, მთავრობა რაღაც გეგმებს ამუშავებს. თუმცა, რომ სამხარეო დონეზე თვითმმართველობის თუ არა, თვითმმართველობის ნიშნების მქონე ადმინისტრაციების შემოღებაზეც კი უარი თქვა ცენტრალურმა ხელისუფლებამ.

– ამაზე ფიქრობენ. მე ჩემს შეხედულებას ვუზიარებ მთავრობისა და პარლამენტის წევრებს და იქაც ხედავენ იმის საჭიროებას, რომ უფრო მეტი კოორდინაციის საშუალება უნდა ჰქონდეს გუბერნიას. განვითარება ითხოვს კოორდინაციის უფრო მეტ ხარისხს. ახლა საქართველო გარდამავალ ეტაპზეა, თუმცა, სამომავლოდ შეგვიძლია ავიღოთ რომელიმე უნიტარული სახელმწიფოს, თუნდაც, ჩეხეთის ან პოლონეთის მოწყობის მაგალითი. ბუნებრივია, რაც უფრო ვითარდება ქვეყანა, გამოწვევებიც იზრდება. ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევებზე გამკლავებისთვის რაც უფრო მეტი იქნება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა თვითმმართველობის დონეზე, რაც უფრო მეტი მატერიალური საფუძველი ექნება თვითმმართველობას, პირველი დონიდან დაწყებული, ზემდგომი დონეებით დამთავრებული, მით უფრო განვითარებული ეკონომიკა და საზოგადოება გვეყოლება.

– რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ, ბარემ გკითხავთ და შემდეგ გადავიდეთ იმ კონკრეტულ პროექტებზე, რასაც ახორციელებთ. ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ რეგიონული განვითარებისთვის სხვადასხვა ევროპული ფონდიდან გრანტებისა და ინვესტიციების მოზიდვა უფრო მეტად შესაძლებელი გახდა. თქვენ ამბობთ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობთ. ამავდროულად, სამხარეო ადმინისტრაციები არ ხართ იურიდიული პირები და ხელშეკრულების გაფორმების უფლებამოსილებაც კი არ გაგაჩნიათ. ეს კი ძალიან ბევრ შესაძლებლობას გაკარგინებთ. მე მესმის, რომ კვლავ მეორე დონის თვითმმართველობის არარსებობის პრობლემასთან მივდივართ, მაგრამ იქნებ მითხრათ, როგორ ახერხებთ ამ ფონდებთან ურთიერთობას?

– მესმის, რასაც გულისხმობთ, მაგრამ უკვე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ ეს მომავლის საქმეა. ამის მიუხედავად, ინვესტიციების მოზიდვაზე აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაცია მუნიციპალიტეტებთან. აი, ახლაც, ჩვენი ინიციატივით, შევქმენით სპეციალური სამსახური, შევადგინეთ კითხვარი და სამოქმედო გეგმის პროექტი, რომლითაც ჩვენ თითოეულ მუნიციპალიტეტს ვთხოვთ, რომ მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვა მოგვაწოდონ. ამ ხედვებიდან გამომდინარე, ჩვენ ვაკეთებთ ანალიზს და ვხედავთ თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის აუცილებელ დეტალებს, რაც რეგიონის სწორად განვითარების შესაძლებლობასაც გვაძლევს.

– სწორედ იმის გამო, რომ სამხარეო ადმინისტრაციებს კანონმდებლობით შეზღუდული შესაძლებლობები გაქვთ, კანონმა მუნიციპალიტეტებს და თქვენ მოგანიჭათ უფლება, შექმნათ რეგიონული განვითარების სააგენტოები, რომლებიც სწორედ ინტერმუნიციპალურ პროექტებზე, ინვესტიციების მოზიდვასა და მსგავს საკითხებზე იმუშავებენ. რეგიონებიდან სააგენტო პირველმა თქვენ შექმენით. როგორ მუშაობს სააგენტო და რა შედეგები აქვს?

– სწორედ კახეთის განვითარების სააგენტო მუშაობს ინტერმუნიციპალურ და რეგიონულ პროექტებზე. მას აქვს პროექტების შემუშავებისა და სხვადასხვა დონორთან წარდგენის უფლება. სააგენტო დაფუძნებულია მუნიციპალიტეტების მიერ და ხაზინაში ანგარიშიც აქვს გახსნილი.

როგორც იცით, კახეთისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება უპირველესი საქმეა. აქ მევენახეობა წამყვანი დარგია, ისევე, როგორც მემარცვლეობა და მეხილეობა. ამის გათვალისწინებით, ჩვენ კარგად ვთანამშრომლობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. მთელი რიგი პროექტებია წამოწყებული, დაწყებული აგროდაზღვევიდან, დამთავრებული პროექტით – „დანერგე მომავალი“. ამ პროექტების განხორციელებაში ჩვენ აქტიურად ვეხმარებით ადგილობრივ თვითმმართველობას და მოსახლეობას. წელს პირველად რთველი სუბსიდირების გარეშე ტარდება, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მევენახეობა და მეღვინეობა ძალიან სწორად ვითარდება ქვეყანაში. გარდა ამისა, მთელი რიგი ცვლილებები შედის კანონმდებლობაში ხარისხის მონიტორინგთან დაკავშირებით. უკვე აიკრძალა ქვეყნის გარეთ ჩამოუსხმელი ღვინის გატანა, რაც ხარისხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დარგი, თავისთავად, არის ლოკომოტივი ეკონომიკის განვითარებისათვის.

კახეთში შატოებისა და საოჯახო მარნების მშენებლობისა და განვითარების დიდი ტენდენციაა. ამაზეც არის სახელმწიფო პროგრამა შექმნილი და ადამიანს თუ უნდა, რაიმე შექმნას, შრომობს და გარკვეული ბაზა აქვს, სახელმწიფო ამის ყველანაირ შესაძლებლობას აძლევს.

გარდა ამისა, ტურიზმი არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. მეღვინეობა და ტურიზმი, გარკვეულწილად, ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. მესამე სეგმენტი, რაც აქტიურად შემოდის ტურიზმში, არის ეკოტურიზმი. ასეთი გამორჩეული ადგილი კახეთში რამდენიმეა – თუშეთი, ვაშლოვანის ნაკრძალი, „არწივის ხეობა“, გურგენიანის ჩანჩქერი და სხვა. ეს უნიკალური ნაკრძალებია და მხოლოდ ამ ადგილების მონახულებას ერთკვირიანი პროგრამა სჭირდება, იმდენად მასშტაბური და საინტერესოა, რომ აღარაფერი ვთქვათ თელავზე, ყვარელზე და სხვა ქალაქებსა თუ სოფლებზე.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ინვესტორების მოძიებაზეც. მაგალითად, გურჯაანში ახტალის სამკურნალო ტალახის კურორტის აღორძინებისათვის რამდენიმე ინვესტორი ჩამოყვანილი გვყავდა, დავათვალიერებინეთ ადგილები და ა.შ. ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას მარტო მუნიციპალიტეტები ვერ ახერხებენ, თუნდაც იმიტომ, რომ ქონების ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაა, ნაწილი – მუნიციპალური, ნაწილი კი კერძო პირის საკუთრება. გარდა ამისა, მას უამრავი ყოველდღიური საკითხები აქვს მოსაგვარებელი. ამიტომ შორსმიმავალ განვითარებაზე მხოლოდ მუნიციპალიტეტს ძალა და ფინანსური შესაძლებლობა არ ჰყოფნის; პირდაპირ მუნიციპალიტეტი მინისტრთან ან დონორთან კავშირს ვერ ამყარებს, ამიტომაც არსებობს გუბერნატორის ინსტიტუტი და კახეთის განვითარების სააგენტო, რომელთაც ამ პროექტების განხორციელების მეტი შესაძლებლობა აქვთ.

დღეისათვის რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ, რომლებმაც გვინდა, რომ საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვოს. დამუშავებულ პროექტს მთავრობას წარვუდგენთ, რომ შემდეგ უკვე მან დონორ ორგანიზაციებთან დაფინანსების მოპოვებაზე იმუშაოს.

– კონკრეტულად, რა პროექტებია?

– ვიწყებთ მუშაობას კახეთის სივრცითი მოწყობის გეგმაზე. თუმცა, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ქალაქ თელავის სივრცითი მოწყობის გეგმა. ძალიან ბევრი დაინტერესებული ადამიანია, რომელსაც რაღაცის გაკეთება უნდა და ქალაქი ამას მომზადებული უნდა შეხვდეს და მან არ დაკარგოს თავისი მიმზიდველობა…

– ქალაქი, რომელსაც თვითმმართველი ერთეულის სტატუსი იმ ხელისუფლებამ ჩამოართვა, რომელსაც წარმოადგენთ.

– იცით რა არის? მე ხომ გითხარით, თუ იქნება თვითმმართველობის მეორე დონე, მაშინ შესაძლებელია. ახლა ამ შენობაში ვსხედვართ თემის გამგეობა, ქალაქის მერია და გუბერნია. ამ გაგებით ქალაქს არაფერი არ აკლდება.

– მაგრამ ეგ არ არის გადამწყვეტი. მთავარი ისაა, რომ ქალაქს აღარ ეყოლება საკუთარი ხელისუფლება და აღარ ექნება საკუთარი ბიუჯეტი.

– მუნიციპალიტეტის მერი ქალაქის მერიც იქნება და ბიუჯეტი კრებსითი ექნება.

– სწორედ ეგაა პრობლემა. დამეთანხმეთ, რომ ბოლო სამ წელში ქალაქ თელავში უფრო მეტი გაკეთდა, ვიდრე მაშინ, როცა გაერთიანებული მუნიციპალიტეტი იყო.

– კი, კი, გეთანხმებით, მაგრამ ეს ბიუჯეტი გაერთიანებულ მუნიციპალიტეტს შეუნარჩუნდება. მეც ვარ ამით დაინტერესებული და დაპირებაც ასეთი არის. თემას ცოტა გადავუხვევ და გეტყვით, რომ მომავალი წლიდან ქალაქ თელავს წყალმომარაგების პრობლემა სამუდამოდ გადაეჭრება. ამისთვის 9 მილიონი უკვე ნაშოვნია.

დავუბრუნდეთ ისევ იმ საკითხებს, რაზეც ვმუშაობთ. მეორე თემა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, არის მუნიციპალური და ინტერმუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, ასევე, ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება და ტურისტებისთვის ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა.

კიდევ ერთი დიდი პროქტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა დასუფთავების თემა. ამასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტებში პოლიტიკა შევცვალეთ. უკვე ვიწყებთ თანამედროვე რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას. ეს იქნება გერმანული ტექნოლოგიის ნაგავსაყრელი, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

შემდეგი გახლავთ რკინიგზის აღდგენის თემა. როგორც იცით, რკინიგზა კახეთში წლებია, აღარ ფუნქციონირებს. შეიძლება ხანდახან სატვირთო შემადგენლობამ გაიაროს, ისიც ძალიან დაბალი სიჩქარით. ამის აღდგენაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ესეც ტურიზმის განვითარებასთან არის მიბმული. ვფიქრობთ მზის ენერგიის გამოყენებაზეც, რომლის საშუალებაც კახეთს ნამდვილად აქვს.

სააგენტოს მეშვეობით დონორთან აქტიურად ვმუშაობთ ე.წ. მაწანწალა ძაღლების საკითხზე. მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია შესაბამისი სახსრები, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს, ძაღლებისათვის შესაბამისი შენობის აშენებას, მის დამენეჯმენტებას საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება. ამიტომაც ეს უნდა იყოს ინტერმუნიციპალური პროექტი. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და პროექტს საელჩოებსა და დონორ ორგანიზაციებს წარვუდგენთ.

ეს არის ის პროექტები, რომელიც სახელმწიფოს მიერ მოზიდული თანხებით უნდა განხორციელდეს.

– სააგენტოს გარდა, თვითმმართველობის კოდექსით, რეგიონის დონეზე სამხარეო საკონსულტაციო საბჭოები ფუნქციონირებს და მათაც ინტერმუნიციპალურ პროექტებზე უნდა იმუშაონ. რითი განსხვავდება საბჭოს საქმიანობა სააგენტოს საქმიანობისგან?

საბჭო, ძირითადად, არის ორგანო, სადაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დასაფინანსებელი მუნიციპალური პროექტების განხილვა ხდება.

– ესეც საინტერესოა, პროექტები, რომლითაც მუნიციპალური ინფრასტრუქტურა წესრიგდება, რატომ ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან? მიუხედავად იმისა, რომ რეგფონდით დასაფინანსებელ პრიორიტეტულ პროექტებს მუნიციპალიტეტები ადგენენ, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული კომისია იღებს. რატომ არ შეიძლება, რომ რეგფონდით გათვალისწინებული თანხები მუნიციპალურ ბიუჯეტებში გადანაწილდეს და თავად მუნიციპალიტეტებმა განკარგონ? რა საჭიროა ზედმეტი ცენტრალიზმი?

– რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება მუნიციპალური გზების, ხიდების, წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტები. რა უნდა გაკეთდეს, 95%-ს წყვეტს მუნიციპალიტეტი. ახლა უკვე კანონმდებლობა დაავალდებულებს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეთა ჩართულობით გადაწყვიტოს, თუ რომელი პროექტია პრიორიტეტული. ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ თანხა ცენტრალურ ბიუჯეტში იქნება აკუმულირებული. მთავარია, რომ ეს პროექტები განხორციელდება.

– სწორედ ამას გეუბნებით, რეგფონდით ფინანსდება ის პროექტები, რისი განხორციელებაც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა, მაგრამ ამისთვის ფინანსები აკუმულირებული რატომღაც ცენტრალურ ბიუჯეტშია. ამ დროს მთავრობა ამბობს, რომ დეცენტრალიზაციისკენ მივდივართ. ეს რანაირი დეცენტრალიზაციაა?

– მუნიციპალიტეტები თავის დაფინანსებაზე რომ მივუშვათ, საქართველოში შეიძლება ათი მუნიციპალიტეტი აღმოჩნდეს თვითკმარი.

– ჩვენ ხომ გათანაბრებით ტრანსფერზე არ ვლაპარაკობთ, რეგფონდიდან გასანაწილებელ თანხებზე ვლაპარაკობთ, რომელითაც მუნიციპალური ინფრასტრუქტურა წესრიგდება, მაგრამ რატომღაც, ცენტრალური ბიუჯეტის თანხებით და ცენტრალური ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ რომელი პროექტი დაფინანსდეს და რომელი – არა.

– მესმის, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან გადაწყვეტილებას უმეტესად მაინც მუნიციპალიტეტები იღებენ, თუ რა პროექტი უნდა გაკეთდეს.

– ხშირად ისმის საყვედური, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციების საქმიანობა გაუმჭვირვალეა. იყენებთ რამე მექანიზმებს იმისათვის, რომ საზოგადოება თქვენს საქმიანობაში ჩართული იყოს?

– შექმნილი გვაქვს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე საბჭო. გარდა ამისა, როცა განვითარების გეგმებზე ვმსჯელობთ, ყოველთვის ვიწვევთ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ბიზნესის წარმომადგენლებს და მათთან ერთად გავდივართ საკითხებს. ყოველთვის მზად ვართ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს შევხვდეთ და მათი მოსაზრებები გავითვალისწინოთ.

მსგავსი სიახლეები