თენგიზ შერგელაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაუფინანსებელ ნაწილს სამედიცინო დაზღვევა 100%-ით შეავსებს

„400 ათასი თბილისელისთვის, რომელთაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებები შეეხო და დაფინანსება შეუმცირდა, ბიუჯეტიდან 50 მლნ ლარის დაზღვევისთვის გამოყოფა იგეგმება“, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა თემქის მოსახლეობასთან შეხვდრისას განაცხადა. მან ამომრჩევლებს მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნო, სადაც ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის მიმართულებაზე.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 400 ათასზე მეტ თბილისელს დაფინანსება შეუმცირდა, რამაც მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობა დაამძიმა. მოსახლეობა დაუფინანსებელი ნაწილის თანადაფინანსებას ან საკუთარი ჯიბიდან ახდენს ან მიმართვას რაიონულ გამგეობას.

„შენების მოძრაობის“ პროგრამა გულისხმობს სადაზღვევო კომპონენტის შემოტანას, რომელიც შეეხება ოთხი კატეგორიის მოსახლეობას: სოციალურად დაუცველი ოჯახებს, 6-17 წლის მოზარდებს, წლიური 40 000 ლარამდე და თვეში 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირებს და თვეში 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებს.

ჩვენი სამედიცინო დაზღვევა 100%-ით შეავსებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაუფინანსებელ ნაწილს სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და 6-17 წლის მოზარდებისთვის. რაც შეეხება დანარჩენ ორ კატეგორიას, მათ სადაზღვევო პრემიის ნაწილში თანადაფინანსება ექნებათ”, -აცხადებს „შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები