აუდიტი: ხაშურის მოსახლეობისისთვის მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება

555

ხაშურის მოსახლეობისისთვის მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

აუდიტის ინფორმაციით, ქალაქ ხაშურის, დაბა სურამის და სოფელ ზემო ოსიაურისათვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. დანარჩენი დასახლებული პუნქტების წყალმომარაგება ფუნქციურად არ ევალება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არც ერთ სუბიექტს. ამდენად, მუნიციპალიტეტში არ არსებობს კერძო სამართლის პირი, რომელიც შესაბამისი ლიცენზირების პირობებში განახორციელებს ღონისძიებებს წყლის სისტემების გამართული ფუნქციონირებისა და მოხმარებული წყლის გადასახადის ამოსაღებად.

“მუნიციპალიტეტის მიერ 2018-2019 წლებში მიღებული პრიორიტეტების დოკუმენტები ითვალისწინებს სასმელი წყლის სისტემების დაფინანსებას. 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით გაწეულია მხოლოდ 240.3 ათასი ლარის ხარჯი. 2019 წელს დახარჯული 824.6 ათასი ლარიდან, 173.3 ათასი ლარი მოდის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებზე (ჭების მოწყობა, ავზების, წყლის მილებისა და სხვა მასალების შეძენა), ხოლო 575.0 ათასი ლარი – სოფელ ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობის და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხაა. შედეგად, წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნის დაკმაყოფილებას. კერძოდ, მუნიციპალიტეტის 74 სოფელში მცხოვრები 7158 ოჯახიდან 4898 ოჯახს წყალი ცენტრალიზებულად არ მიეწოდება. მოსახლეობა სარგებლობს ჭებითა და წყაროებით, სადაც წყლის მომარაგებაზე გავლენას ახდენს კლიმატური პირობები − წყალი პერიოდულად იმღვრევა და დებეტი იკლებს”, – წერია ანგარიშში.

ამასთან, აუდიტის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტი არ აწარმოებს სასმელი წყლის ლაბორატორიულ კვლევას. ხოლო, ჭები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი წყლის დაქლორვის საშუალებებით. პასუხისმგებელი პირების განმარტებით კი, სოფლის მოსახლეობაზე მიწოდებული წყლის ხარისხი არ მოწმდება. 2018-2019 წლებში წყლის მომხმარებელი აბონენტების გამრიცხველიანების სამუშაოები არ დაფინანსებულა, რაც ხელს შეუწყობდა წყლის ეკონომიას და თანაბარ განაწილებას.

აუდიტის დასკვნით, ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პრობლემები: მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს, მუნიციპალიტეტის მიერ გატარებული ღონისძიებები საკითხის მოსაგვარებლად არასაკმარისია

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, ხაშურის მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, დანერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგების მოწესრიგებასა და წყლის ხარისხის შემოწმებას. ამასთანავე, ღონისძიებათა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას