ასპინძის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა ცნობილია

645

დაბა ასპინძის ცენტრში, კულტურისა და დასვენების პარკს რეაბილიტაციას შპს „გია კონსტრაქშენი“ ჩაუტარებს. მუნიციპალიტეტის მერიამ გამარჯვებულ კომპანიას 1 836 948 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ვალდებულია, პროექტით გათვალისწინებული სამუშოები განახორციელოს მშენებლობისთვის ხელშემწყობი კლიმატური პირობების დადგომიდან 9 თვის ვადაში. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა, პროექტის დასრულების შემდეგ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის დღიდან აითვლება 3 წლის ვადით.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაბა ასპინძის ცენტრში არსებულ პარკში ორი შადრევანი, მინი სტადიონი, ჭადრაკის, მაგიდის ჩოგბურთის და სცენის მოსაწყობი მოედნები, წყარო, 9 აპრილის მემორიალი, ბეტონის სკამები, დასასვენებელი კუნძულები, ტრენაჟორები, ველო და საფეხმავლო ბილიკები, პარკის ადმინისტრაციული შენობა, საპირფარეშო, რკინის დეკორაციული კონსტრუქცია და ავტოსადგომი მოეწყობა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ, პარკის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მიმდინარე წელს 2 096 535 ლარზე გამოაცხადა. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 1 836 948 ლარზე გაფორმდა.