ყვარლის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად ვერ განხორციელა, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების წლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით, შემოსულობებმა 2018-2019 წლებში − 27,047.2 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა 25,558.1 ათასი ლარი შეადგინა.
ინფორმაცია შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში.
აუდიტის ინფორმაციით, ორივე საანგარიშო წლისათვის მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არასათანდოდ შეასრულა.
“აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები არ დასრულებულა. კერძოდ, მერიამ წლის ბოლომდე ვერ აითვისა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროგრამით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები: ძირითადად ვერ დასრულდა და დაგვიანდა წყალმომარაგების სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურის, საბავშვო ბაღების, სპორტული დარბაზის, სანიაღვე არხების, საკანალიზაციო ქსელის და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტი ფლობდა მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს. კერძოდ, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე ნაშთის სახით ერიცხებოდა 1,784.1 ათასი ლარი, რომლის ხარჯვა დაიგეგმა წლის განმავლობაში, თუმცა ნაშთის დაგროვებამ 1,620.1 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 3,404.2 ათასი ლარის ნაშთი, საიდანაც 854.0 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია.
“2019 წელს მუნიციპალიტეტმა დაგეგმა ნაშთის გამოყენება 3,404.2 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა ნაშთის ცვლილებით გამოწვეული ფულადი სახსრების გამოყენებამ 131.1 ათასი ლარი შეადგინა. საბოლოოდ, წლის ბოლოსათვის საბიუჯეტო ნაშთი 3,273.1 ათასი ლარი იყო. აქედან, 878.2 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია.
უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილი 2018 წელს − 5.5 ათასი ლარით, ხოლო 2019 წელს 6.7 ათასი ლარით მეტი თანხით დაგეგმა, ვიდრე ფაქტობრივად გააჩნდა ფულადი სახსრები.
პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გარემოება გამოწვეულია ბიუჯეტის დაგეგმვისას დაშვებული მექანიკური შეცდომით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გამოვლენილი ხარვეზი მიანიშნებს საფინანსო-საბიუჯეტო პროცესში არსებულ კონტროლის სუსტ მექანიზმებზე, რამაც ბიუჯეტის გადასახდელების არასწორი დაგეგმვა გამოიწვია”, – ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, ყვარლის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და ამასთანავე, დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი. აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.
აუდიტის რეკომენდაციაა, ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად. ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიმართოს დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად.