თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისსოფლებიდან 10 სოფელს წყალი მიეწოდება მუდმივად, ხოლო დანარჩენ 81 სოფელს – გრაფიკით. არსებულ წყლის სისტემებზე მოწყობილი არ არის გამწმენდი ნაგებობები და წყლის დაქლორვის საშუალებები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში წყლის ხარისხი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, სოფლის მოსახლეობაზე მიწოდებული წყლის ხარისხი არ მოწმდება. ამის შესახებ საუბარია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლის აუდიტის ანგარიშში.
დოკუმენტში წერია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში წყლის სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე დახარჯა 301.4 ათასი ლარი. ქალაქ თეთრიწყაროსა და დაბა მანგლისის წყალმომარაგება ხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, ხოლო სოფლებში წყლის სისტემებზე მოვლა-პატრონობა და მისი გამართული ფუნქციონირების კონტროლი ევალებოდა ა(ა)იპ − თეთრიწყარო-წყალს.
გამოვლინდა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნდა. საკითხის შესწავლით დგინდება, რომ წყლის სისტემების მოწყობა- რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 10 სოფელს წყალი მიეწოდება მუდმივად, ხოლო დანარჩენ 81 სოფელს – გრაფიკით.
არსებულ წყლის სისტემებზე მოწყობილი არ არის გამწმენდი ნაგებობები და წყლის დაქლორვის საშუალებები.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა ა(ა)იპ − სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა 2018 წლის მაისში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საშუალებით გამოიკვლია წყლის ხარისხი. შედეგად აღმოჩნდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში წყლის ხარისხი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს.
პასუხისმგებელი პირების განმარტებით, სოფლის მოსახლეობაზე მიწოდებული წყლის ხარისხი არ მოწმდება.
შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ მოსახლეობისთვის მიწოდებულ სასმელ წყალშიც ანალოგიური ხასიათის პრობლემებია. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს და ასახულია პრიორიტეტების დოკუმენტში, მისი გამოსწორებისათვის სათანადო ღონისძიებები არ გატარებულა.
არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტს შეეძლო თავისუფალი ნაშთის სახით არსებული ფინანსური რესურსის ეფექტიანი გამოყენებით, რაც არ განუხორციელებია. საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები არ ითვალისწინებდა აბონენტების გამრიცხველიანებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს მოხმარებული წყლის საფასურის ამოღება არ დაუგეგმავს.
„მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო პრიორიტეტების დოკუმენტით დასახული მიზნების მიღწევა. მოსახლეობის წყალმომარაგება რჩება პრობლემურ საკითხად, რომლის მოგვარებისათვის მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია ადეკვატური ღონისძიებები და არ გამოუყენებია საკმარისი საბიუჯეტო რესურსები,“- წერია აუდიტის დასკვნაში.
აუდიტის რეკომენდაციაა, რომ მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით დაგეგმოს და განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს მოსახლეობის წყალმომარაგების მოწესრიგებას, მიწოდებული წყლის ხარისხის კონტროლს და წყლის სისტემის გამართულ ექსპლოატაციას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას.