აუდიტი: არცერთ მუნიციპალიტეტს ტყის ხანძრის მართვის ლოკალური გეგმა არ გააჩნია

452

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ტყის ხანძრების პრევენციის და მართვის შესახებ ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე შესაბამისი უწყებების მზაობას და საკანონმდებლო ჩარჩოს საკითხებს ეხება.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მარეგულირებელი კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, 2015 წელს დამტკიცებული სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა, განახლებული არ არის. პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად მისაღებია მრავალი ნორმატიული აქტი.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, სამოქალაქო უსაფრთხოების ახალი კანონით გათვალისწინებული 32 ნორმატიული აქტიდან:

• დამტკიცებულია − 11 ნორმატიული აქტი;
• ინიცირებისთვის მზადაა − 9 ნორმატიული აქტი;
• დამუშავების სხვადასხვა ეტაპზეა − 12 ნორმატიული აქტი.

მუნიციპალიტეტების მიერ ლოკალურ დონეზე რისკის და საგანგებო მართვის გეგმების შემუშავებისა და აღსრულებისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილების დელეგირების განხორციელებაა საჭირო, რაც უზრუნველყოფილი არ არის. შედეგად, არცერთ მუნიციპალიტეტში შესაბამისი გეგმები შემუშავებული და დამტკიცებული არ არის,”- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ორგანიზაციული თვალსაზრისით, მნიშვნელოვან პრობლემებად რჩება ტყის ხანძრის ქრობისთვის შესაბამისი ავიაციის დეფიციტი, ასევე სახანძრო მანქანების არასათანადო მზადყოფნა.

“ტყის ფიზიკური დაცვის არსებული მოდელის არაპროდუქტიულობა − ტყის რესურსებით უკანონო სარგებლობას უარყოფითი გავლენა აქვს ხანძრებზე, რადგან უკანონო ჭრის შედეგად დატოვებული ნარჩენები გარკვეულ პერიოდში ხმება და ადვილად აალებად/წვად მასალად იქცევა.

საქართველოში, 2019 წლამდე, სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოში ფუნქციონირებდა „ტყის მცველების“ საშტატო ერთეულები. ტყის მცველები წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან რგოლს, ერთის მხრივ, ტყის უკანონო სარგებლობის პრევენციაში, ხოლო მეორე მხრივ, ადგილზე აქრობდნენ მცირე ხანძრებს ან დროულად ავლენდნენ ინციდენტს, რისი მეშვეობითაც ამცირებდნენ მცირე ხანძრების დიდ მასშტაბში გადაზრდის რისკებს. 2019 წლამდე სატყეო სააგენტოში გათვალისწინებული იყოს ტყის მცველები დაახლოებით 500 საშტატო ერთეული.

ამავე პერიოდში, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა.

2019 წლის 25 იანვრიდან, ტყის ფიზიკური დაცვის თვალსაზრისით, კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, სატყეო სააგენტოს აღნიშნული ფუნქცია ჩამოშორდა, რის გამოც ტყის მცველის პოზიცია გაუქმდა და მის ხარჯზე, 304 საშტატო ერთეულით გაიზარდა სსდ ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობა.

აქედან გამომდინარე, სატყეო სააგენტოში შტატები მნიშვნელოვნად შემცირდა იმ თანამშრომელთა ხარჯზე, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ ტყეში აღეკვეთათ უკანონო ჭრის ფაქტები, ამასთანავე დროულად აღმოეჩინათ ტყის ხანძრები და მათი ლოკალიზება-ლიკვიდაცია მოეხდინათ.

საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილ ზემოაღნიშნულ ცვლილებას ლოგიკურად ტყის უკანონო მოპოვებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობის ზრდა უნდა გამოეწვია, თუმცა 2019 წელს ამ მიმართულებით არსებული მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად (58%-ით) შემცირდა. შესაბამისად, ხანძრების პრევენციისთვის, ტყის მცველის მნიშვნელოვანი პოზიციების გაუქმებამ, ვერ უზრუნველყო ადგილზე (ტყის ფონდის ტერიტორიაზე) ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების გამოვლენის ზრდა, ხოლო სატყეო სააგენტოს შეუმცირა ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის აუცილებელი ადამიანური რესურსები.

ხანძარსაწინააღმდეგო პირველადი ინვენტარის არათანაბარი გადანაწილება − აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ტყის მართვის ორგანოების თანამშრომლების ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით აღჭურვის შესაბამისი კრიტერიუმები დადგენილი არ არის. შედეგად, ინვენტარი არათანაბრადაა განაწილებული, როგორც ხანძარსაშიში რეგიონების, ასევე ტყის ფართობების მიხედვით.

ტყის ხანძრებისთვის მზადყოფნის ღონისძიებების ნაკლოვანებები

ტყის ხანძრებისთვის, როგორც საგანგებო სიტუაციებისთვის, მნიშვნელოვანია მუდმივი მზადყოფნის შენარჩუნება, რაც საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში უზრუნველყოფს სწრაფ და სათანადო რეაგირებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საჭიროა ადამიანური რესურსებისა და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის სწორი ორგანიზება და მართვა.

მეხანძრე-მაშველების განაწილების ნაკლოვანებები – სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა მცირეა. აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, მოხალისეთა სისტემა ამ ეტაპზე ჩამოყალიბების პროცესშია. ამ მიმართულებით არსებობს გაუმჯობესებისა და გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მეხანძრე-მაშველების არსებული რესურსები არათანაბრად არის განაწილებული რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. აღნიშნული ნაკლოვანებების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია რესურსების განაწილების კრიტერიუმების არარსებობა.

მეხანძრე-მაშველთა პროფესიული გადამზადების ნაკლოვანებები – არსებული მდგომარეობით, საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (სრულყოფილი მომზადების კურსი) მეხანძრე – მაშველთა მხოლოდ 20%-ს აქვს გავლილი.

სახანძრო მანქანების ტერიტორიულ გადანაწილებაში არსებული ნაკლოვანებები – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფლობს 372 სახანძრო სატრანსპორტო საშუალებას, საიდანაც – 146 არის მაღალი გამავლობის, რთული რელიეფისათვის განკუთვნილი სახანძრო ავტოცისტერნა (შემდგომში ტყის სახანძრო ცისტერნა), რომლებიც ძირითადად განკუთვნილია ტყის ხანძრებისთვის (თუმცა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება სხვა ხანძრების ქრობის პროცესშიც), ხოლო მათი განაწილება რეგიონების მიხედვით არათანაბარია. მაგალითად, აჭარის რეგიონში, სადაც ხანძრების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, სახანძრო მანქანები მეტია, ვიდრე კახეთის რეგიონში, სადაც ხანძრების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ აღემატება აჭარის რეგიონის ინციდენტებს. ამ შემთხვევაში შესაბამისი განაწილების კრიტერიუმები დამტკიცებული არ არის, რის გამოც ვერ მივიღეთ რწმუნება აღნიშნული ტექნიკის ოპტიმალური განაწილების შესახებ, რამაც უნდა უზრუნველყოს ხანძრებისთვის მზადყოფნის ერთნაირად მაღალი დონე ყველა რეგიონისთვის.

ტყის სახანძრო მანქანების არასათანადო მზადყოფნა − არათანაბარ განაწილებასთან ერთად, სახანძრო მანქანების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. კერძოდ, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებიდან მხოლოდ 25% არის სრულად გამართული, ხოლო 21% გაუმართავ მდგომარეობაშია.

მანქანების გამოშვების წლების ანალიზმა გვაჩვენა, რომ ავტოპარკის დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად მოძველებულია. კერძოდ, 25-წლიანი ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს სატრანსპორტო საშუალებების 51%-ს. შესაბამისად, მაღალია მათი მოვლა-შენახვის ხარჯები (2017-2019 წლებში – 1.2 მლნ ლარი).

აღსანიშნავია, რომ სამსახური არსებული სახსრებით ახორციელებს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების შესყიდვას. თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით, მოძველებული ავტოპარკი მოვლა-შენახვის მნიშვნელოვან დანახარჯებს განაპირობებს და ხანძრის ქრობის დაბალი მაჩვენებელი გააჩნია. შესაბამისად, თანამედროვე, ახალი სატრანსპორტო საშუალებები ოპერატიული რეაგირების წინაპირობას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია ავტოპარკის ჩანაცვლების ინტენსიური პროცესის გაგრძელება.

ტყის ხანძრების ქრობის პროცესში საავიაციო საშუალებების დეფიციტი − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საავიაციო საშუალებები არ გააჩნია, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ქრობის პროცესში ძირითადად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები გამოიყენება,”- ნათქვამია ანგარიშში.