არჩილ ჩიქოვანი: ბათუმის გენგეგმაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

361

მომავალ კვირაში იგეგმება გენგეგმის ტენდერის გამოცხადება და ჩვენს ქალაქს, ძალიან მალე, უნდა ჰქონდეს განაშენიანების ის მთავარი დოკუმენტი, რაც იქნება ხელშესახები ყველა მხარისათვის და აუცილებელი არის ჩვენი ქალაქისათვის, ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

“გენგეგმა ბოლო წლების აქტუალური გამოწვევაა  ქალაქ ბათუმისათვის და ბოლო ათწლეულებისთვისაც, მე ასე ვიტყოდი და შევაფასებდი, ამ დოკუმენტის საჭიროებას და მნიშნევნელობას. საჭიროება და მნიშვნელობა ამ დოკუმენტისა კარგად გვაქვს გააზრებული და შესაბამისად ამიტომ იყო გამოცხადებული ტენდერი, რომელიც სამწუხაროდ მოგვიწია შეგვეწყვიტა, გამომდინარე იქედან, რომ წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი, 9 პროფესიული კუთხით, ჩართული კომისიის წევრი ვერ ესწრებოდა სხვადასხვა მიზეზებით, მათ შორის კოვიდინფიცირების გამო, რამდენიმე წავიდა კომისიიდან. ამიტომ უმთავრესი ამ ეტაპისათვის არის გენგეგმის მიღება, მისი სწორად წარმართვა, მათ შორის შერჩევა შეფასების ეტაპზეც. იმიტომ, რომ იმ ადამიანებს ვინც დატოვა კომისია სათანადო ჩანაცვლებას საჭიროებენ.

არსებული გამოწვევების ფონზე,  განაშენიანების დოკუმენტის არარსებობის ფონზე ძალიან ბევრი საკითხებია, რომელიც გროვდება კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოებში, მათ შორის გაშუქდა “ამბასადორის” მშენებლობის საკითხი, რომელიც აქტუალური და მნიშვნელოვანი არის. გენგეგმის ამ ჩარჩო დოკუმენტის, ქალაქისათვის კონსტიტუციის არსებობის  შემთხვევაში, მსგავსი ტიპის საკითხები აქტუალობას დაკარგავს იმიტომ, რომ მოწესრიგებული და დარეგულირებული იქნება, როგორც მოქალაქეთა ინტერესის სფეროს დაკმაყოფილების თვალსაზრისით. ასევე რაც ყველაზე მთავარია, პროფესიულ ნაწილში, არქიტექტურული თვალსაზრისით, გამართული იქნება გენგეგმა და ეცოდინება კერძო სექტორსაც და იმ სექტორს რომელსაც დეველოპერები და ბიზნესმენები წარმოადგენენ.

რამოდენიმე დღიან ჭრილში, პრაქტიკულად მომავალ კვირაში ვგეგმავთ გენგეგმის ტენდერის გამოცხადებას და ჩვენს ქალაქს ძალიან მალე უნდა ჰქონდეს განაშენიანების ის მთავარი დოკუმენტი, რაც იქნება ხელშესახები ყველა მხარისათვის და აუცილებელი არის ჩვენი ქალაქისათვის.

გენგეგმაზე ტენდერი ჩატარდება კონკურენტუნარიან გარემოში და მას ეყოლება იმ კვალიფიკაციის და  სათანადო გამოცდილების გამარჯვებული, რომელიც შეძლებს ქალაქისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ამ ეტაპისათვის რაც გამოწვევა არსებობს, ჰქონდეს იმ კანონით დადგენილ ვადებში, რა ვადებსაც შესყიდვა ითვალისწინებს”, – აცხადებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.