2021 წელს მარნეულში უსინათლოთათვის გამცილებლის სერვისი ამოქმედდება

300

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია უსინათლო პირებისათვის გამცილებლის სერვისის შემოღებას აპირებს. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას  მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, პირველ მარტს გამართულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოზე საბჭოს წევრი სურიკ ჩიჩიანი მუნიციპალიტეტში გამცილებლის სერვისის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

„ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე და ვფიქრობთ, რომ ამ საკითხსაც დადებითი გადაწყვეტილება ექნება,“ – განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ.

რადიო „მარნეულს“ უსინათლოთა კავშირის წევრმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის კურატორმა სურიკ ჩიჩიანმა განუცხადა, რომ გამცილებლის სერვისი უსინათლოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ეს სერვისი ძალიან მნიშვნელოვანია უსინათლოთათვის, რადგან არიან უსინათლოები რომლებიც მოდიან სოფლებიდან და არ იცნობენ რაიონს ისე, როგორც საჭიროა. მას აუცილებლად დასჭირდება გამცილებელი და ეს ეფექტურიც იქნება, რადგან დახვდება ტრანსპორტს რომლითაც უსინათლო ჩამოვა და მერე მას მიჰყვება ყველგან, იქნება ეს აფთიაქი, სამედიცინო დაწესებულება, საჯარო რეესტრი თუ მუნიციპალიტეტის მერია,“ – ამბოსბ სურიკ ჩიჩიანი.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განუცხადა, რომ სერვისის საბოლოოდ შემოღებამდე მერიაში გარკვეული სამუშაოების შესრულებაა საჭირო, მაგრამ აცხადებს, რომ გამცილებლის სერვისი მუნიციპალიტეტში 2021 წელს ამოქმედდება.