გურჯაანში შალიკაშვილის და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე წყლის და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვლება ძველი და ამორტიზებული გაყვანილობა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
სამუშაოების განხორციელების საჭიროება გურჯაანი- ზიარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციამ მოითხოვა. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, რომელსაც გურჯაანელები ვაშლების უბანს უწოდებენ, სავარაუდოდ ქვაფენილის ნაცვლად, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, ეს თავად მოსახლეობის მოთხოვნაა.
გურჯაანი-ზიარის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა დაიწყო. ზიარის გზა გურჯაანის 10 სოფელს რაიონულ ცენტრთან აკავშირებს და წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში იყო. პროექტის ღირებულება 4 მილიონი ლარია. თანხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო.