მიკროავტობუსების მძღოლებს, რომლებიც აქციას მართავდნენ, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ

579

ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლებს, რომლებიც აქციას მართავდნენ, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, მიკროავტობუსების მძღოლების მოთხოვნების შესწავლისა და პასუხისთვის 10- დღიანი ვადა ესაჭიროებათ.

მათივე თქმით, საკითხზე მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს.

„მუნიციპალიტეტის მხრიდან იყო შეთავაზება, რომ 10 დღის ვადაში მოხდებოდა ამ საკითხის მთლიანად შესწავლა. ახლა მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა, ეს არის ფასის დადგენა, სუბსიდირება თუ სხვა საკითხები.

ეს ყველაფერი უნდა წარედგინოს საკრებულოს და საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

საკითხის შესწავლა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. გვინდა რეალური და სრულყოფილი დასკვნა წარვადგინოთ და ამისთვის მოვითხოვეთ 10 – დღიანი ვადა”,- აცხადებს ბათუმის მერიის წარმომადგენელი ემზარ ქავჟარაძე.

როგორც მიკროავტობუსების მძღოლები აცხადებენ, ისინი შეხვედრით უკმაყოფილოები არიან და პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

„მსგავს დაპირებებს წლებია ვისმენთ, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ამიტომ ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში და სამუშაოს არ დავუბრუნდებით, სანამ საკრებულო რეალურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. დაახლოებით 150 მძღოლი ვართ გაფიცული. როგორც ვატყობთ, ისევ ჩვენს მოტყუებას აპირებენ. ვიქნებით კიდევ 10 დღე გაფიცული და არ ვიმუშავებთ“, – აცხადებენ ბათუმის მერიასთან შეკრებილი მძღოლები.