ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სრულდება

929

ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა კერესელიძესთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ტერიტორიის საერთო ფართობი 10001 კვ მეტრია და ის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და სარეკრეაციო სივრცე იქნება.

პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხბურთო მოედანი და კალათბურთის კორტები, ორი ფრენბურთისა და ერთი საბავშვო გასართობი მოედანი. მოხდა ფანჩატურების განლაგება , გაკეთდება გასახდელები, დაცვისა და ტექნიკური ოთახები, განთავსდება ბიოტუალეტები. სკვერში მოეწყო ბილიკები, გარე განათების სისტემა, სასმელი წყლის ფანტანები, სანაპირო ზოლზე კი – პლაჟი. სკვერს ექნება საკუთარი ავტოპარკინგი. ტერიტორიაზე დაირგო ემონიუსის ბუჩქები და ტირიფები.

„ეს არის პროექტი, რომელიც სოფელ ანანურს ტურისტულად უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის, გარდა რეკრეაციული ზონის მოწყობისა პროექტმა გააჩინა სამუშაო ადგილები, რაც ადგილობრივებისთვის დამატებით შემოსავალს ნიშნავს“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

სამუშაოებს შპს ,,გლობალ სტანდარტმშენი’’ ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 939028 ლარია.

ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილოწყობის სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოსთვის დასრულდება.