2020 წელს სახელმწიფო საწარმოების გაყიდვის მიზნით 3 აუქციონი გამოცხადდა, – ამის შესახებ ინტერპრესნიუსს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
ქონების ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, გასულ წელს სახელმწიფო საწარმოების გაყიდვის მიზნით გამოცხადებული 3 აუქციონიდან ერთი ჩაიშალა.
რაც შეეხება სახელმწიფო ქონების საპრივატიზაციო გეგმას, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 150 მილიონ ლარის აკუმულირებაა დაგეგმილი. ამასთან, ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ 2020 წელს ბიუჯეტის დამტკიცებული გეგმა 106 %-ით შესრულდა და ქონების ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად 130 485 115 ლარია მობილიზებული.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს 50-მდე სახელმწიფო საწარმოს პრივატიზება იგეგმება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთი მიმართულება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ერთ თვეში სახელმწიფო ბიზნესს 10, წლის განმავლობაში კი 50-მდე სახელმწიფო საწარმოს შესთავაზებს, რომლის გაყიდვაც განიხილება.