სამცხე–ჯავახეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს 3 792 000 ლარია გამოყოფილი. პროექტების თანხობრივი გადანაწილება, სოფელში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით არის დაანგარიშებული. თითო სოფელში, საშუალოდ 10–დან 40 ათასამდე ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
თანხა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა:
ახალციხე – 612 ათასი ლარი 45 სოფელს და ქალაქ ვალეს.
ასპინძა – 294 ათასი ლარი 23 სოფელს;
ახალქალაქი – 922 ათასი ლარი 64 სოფელს;
ნინოწმინდა – 444 ათასი ლარი 30 სოფელს;
ბორჯომი – 872 ათასი ლარი 33 სოფელს;
ადიგენი – 648 ათასი ლარი 56 სოფელს.
პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში არსებულ ყველა სოფელში საერთო კრება იმართება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა, ხმათა უმრავლესობით წყვეტს, რომელი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება სურთ მათ სოფელში.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები უკვე დასრულდა ასპინძაში, ახალქალაქსა და ბორჯომში. ადიგენში, ახალციხესა და ნინოწმინდაში 15 მარტამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. 2021 წელს განსახორციელებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, არჩეული პროექტების დასაფინანსებლად, ქვეყნის მასშტაბით, 40 მილიონი ლარია გამოყოფილი.