საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი, ვერნერ ჰოიერი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტთან, ლევან დავითაშვილთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტების კოორდინატორთან, ხავიერ სანს ალვარესთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ესტუმრა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევიტი ცენტრის ჯიღაურას ბაზა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 5.2 მილიონი ევროს მოცულობის პროექტის ერთ-ერთ ბენეფიციარია. პროექტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს.
ვერნერ ჰოიერმა ჯიღაურაში ვაზის ჯიშების კოლექცია დაათვალიარა, შეხვდა ადგილობრივ ფერმერებსა და ევროკავშირის მხარდაჭერით მოსარგებლე მწარმოებლებს; ეწვია პროექტის ფარგლებში მოწყობილ ეკრანულ სათბურებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშების გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნებას.
„ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სოფლის მეურნეობამ და იმ ადამიანების შემოქმედებითმა მიდგომამ, რომლებიც წარმატებას აღწევენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპულ ბაზარზეც. ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას; ეხმარება ცალკეულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომლებსაც საქართველოში პარტნიორი ბანკების ჩართულობით აფინანსებს“, – აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა.
ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.eu4georgia.ge -ს