მარნეულის სოფელ საიმერლოში 87 670 ლარად სკვერის მოწყობა იგეგმება

353

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

სოფელ საიმერლოში სკვერი ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ღია სავარჯიშო სივრცეა მოწყობილი.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სკვერში განთავსდება სასრიალო, საქანელა, აიწონა-დაიწონა, 12 სკამი, 7 ცალი ურნა და 10 ლამპიონი.

„აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს დასახლებულ პუნქტში. ძირითადად სკვერით მოსარგებლე ადგილობრივი მოსახლეობაა და აქედან გამომდინარე დაპროექტებისას სკვერის განვითარების ძირითად ხედვას წარმოადგენდა, რომ რაც შეიძლება მორგებული ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს და შეგვექმნა მოსასვენებელი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე“, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ საიმერლოში სკვერის მოწყობას 87 670 ლარად აპირებს.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 6-დან 9 მარტამდე პერიოდში შეეძლებათ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა შეასრულოს.