დმანისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგება რჩება პრობლემურ საკითხად, მოსახლეობის წყალმომარაგება ზოგ შემთხვევაში ხორციელდება შეფერხებით, სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება. პრობლემის მოგვარებისთვის მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები და არ გამოუყენებია საკმარისი საბიუჯეტო რესურსები. ამის შესახებ ნათქვამია დმანისის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.
დოკუმენტში წერია, რომ ქალაქ დმანისისა და მუნიციპალიტეტის 11 სოფლის წყალმომარაგება ხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ. დანარჩენ 46 სოფელში, მუნიციპალიტეტმა სასმელი წყლის მიწოდება და წყალარინებით მომსახურება უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ლიცენზიანტი კერძო სამართლის სუბიექტის საშუალებით. თუმცა, მერიას კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს ორგანიზებული მოსახლეობისათვის წყლის მიწოდება და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს შესაბამისი ლიცენზირებული ორგანიზაცია ხარისხიანი და სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების უზრუნველყოფისათვის.
ა(ა)იპ − დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალურ სამსახურს დებულებით ევალება სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, სოფლებში ადგილობრივი სასმელი წყლის სისტემების მომსახურება, თუმცა ა(ა)იპ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წყლის სისტემების მომსახურებისთვის არ იღებს დაფინანსებას და ვერ ასრულებს დებულებით განსაზღვრულ ფუნქციას.
2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლიდან, წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე დახარჯა 316.2 ათასი ლარი. წყლის სისტემების მოწყობარეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.
კერძოდ, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 9,454 ოჯახიდან, 6,860 ოჯახს წყალი მიეწოდება მუდმივად, 853 ოჯახს – გრაფიკით, ხოლო 1,741 ოჯახი სარგებლობს საუბნო წყაროებით. იმ ტერიტორიულ ერთეულებში, რომელთაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არ ემსახურება, წყლის სისტემები არ არის აღჭურვილი გამწმენდი და წყლის დაქლორვის საშუალებებით.
პასუხისმგებელი პირების განმარტებით, სოფლის მოსახლეობისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით არ შემოწმებულა. 2018-2019 წლებში შემოწმდა მხოლოდ საბავშვო ბაღების წყლის ხარისხი. შედეგად, ყველა მათგანში გამოვლინდა ნორმიდან გადახრის ფაქტები. არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტს შეეძლო თავისუფალი ნაშთის სახით არსებული ფინანსური რესურსის ეფექტიანი გამოყენებით, რაც არ განუხორციელებია.
აუდიტის რეკომენდაციაა, რომ მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას. მერიამ უნდა განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, რათა წყლის სისტემების ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა სრულად უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით დარეგისტრირებულმა ლიცენზირებულმა კომპანიამ. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის გამართულ წყალმომარაგებას სასმელად ვარგისი წყლით.