აუდიტი: გურჯაანის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 182 100 ლარი დაუსაბუთებლად გასცა

766

გურჯაანის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 182 100 ლარი დაუსაბუთებლად გასცა, – ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტში საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების ხარჯები გაიცემოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დადგენილებებით. დადგენილებების მიხედვით, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის, საკრებულოს წევრებს (გარდა თანამდებობის პირებისა) ხარჯების ასანაზღაურებლად განესაზღვრათ ზღვრული ოდენობა, 2018 წლის 12 თებერვლამდე 375 ლარი, შემდგომ ყოველთვიურად − 395 ლარი.

“წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საკრებულოს წევრებს (არათანამდებობის პირები) 2018-2019 წლებში უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების სახით, სულ მიღებული აქვთ 182.1 ათასი ლარი.

მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის ინფორმაციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს, ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

მათივე ცნობით, ძირითად შემთხვევებში, გურჯაანის საკრებულოს წევრებზე ყოველთვიურად გაცემულია ფიქსირებული თანხა, რაც მიანიშნებს დაუსაბუთებლად თანხების გაცემაზე, რადგან შეუძლებელია საკრებულოს ყველა წევრს ჰქონდეს ერთი და იგივე შესასრულებელი დავალებები და იდენტური ხარჯი.

როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, ანალოგიური ნაკლოვანება გამოვლენილია წინა აუდიტის დროსაც, თუმცა მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და ხარვეზი კვლავ ფიქსირდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, გურჯაანი მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 182.1 ათასი ლარი გასცა სათანადო დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.