აუდიტი: გურჯაანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა დაუსაბუთებლად არის გაზრდილი

285

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა დაუსაბუთებლად არის გაზრდილი, – ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“2018 წლის დასაწყისიდან მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა 18 ა(ა)იპ და ერთი შპს. იმავე წელს ჩატარებული რეორგანიზაციის შემდგომ იურიდიული პირების რაოდენობა შემცირდა 10-მდე. ამ პროცესს უნდა გამოეწვია სუბსიდიის შემცირებაც. მიუხედავად ამისა, 2019 წელს მუნიციპალიტეტმა, 10 ა(ა)იპ-ის დაფინანსებაზე 1,417.8 ათასი ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე 2018 წელს.

ასევე, გაიზარდა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობაც. კერძოდ, 2018 წელს დასაქმებული იყო 1,124 პირი, ხოლო 2019 წელს − 1,223 პირი.

არსებობს რისკი იმისა, რომ ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულად არის გაზრდილი. აღნიშნულს ადასტურებს აუდიტის შედეგად გამოვლენილი სხვადასხვა ფაქტი, კერძოდ:

ა(ა)იპ − გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრში, ა(ა)იპ − მრავალჟამიერში, ა(ა)იპ – მუნიციპალურ სერვისში, ჯამში 21 მოსამსახურის ფუნქციური დატვირთვა არ დასტურდება ან მათი ფუნქციამოვალეობები დუბლირებულია.

ასევე ა(ა)იპ-ებში არ არის შემუშავებული თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობები და შესაბამისად, დეტალურად არ არის განსაზღვრული მათი სამუშაო ვალდებულებები”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა ვერ წარადგინა შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ ყველა დასაქმებული დატვირთული ჰყავდა ფუნქციურად, ორგანიზაციის მიზნებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე.

აუდიტის ცნობით, აღსანიშნავია, ის აფაქტიც, რომ ანალოგიური ნაკლოვანება გამოვლენილია წინა აუდიტის ჩატარების დროსაც, თუმცა მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და ხარვეზი კვლავ ფიქსირდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, დაგეგმვასა და კონტროლში არსებულმა მართვის სისუსტეებმა გამოიწვია ის, რომ ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა დაუსაბუთებლად არის გაზრდილი. აუდიტის ანგარიშში წარმოდგენილ ა(ა)იპ-ებში კადრების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების გარდა, შესაძლოა, არსებობდეს სხვა მსგავსი შემთხვევებიც, რომელთა გამოსავლენად და სათანადო ღონისძიებების გასატარებლად, საჭიროა მერიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება.