გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღი მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამო წყალს იყენებს, – ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“2018-2019 წლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლიდან, წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 2,598.4 ათასი ლარი დახარჯა.
ქალაქ გურჯაანის წყალმომარაგება ხორციელდება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ. დანარჩენი დასახლებული პუნქტებისათვის წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა და მისი გამართული ფუნქციონირების რეგულირება ევალება ა(ა)იპ − მუნიციპალურ სერვისს, თუმცა ა(ა)იპ-ს არ გააჩნია მომსახურების ლიცენზია. შესაბამისად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის წყალმომარაგება ხორციელდება არაუფლებამოსილი ორგანიზაციის მიერ”, – ვკითუხლობთ ანგარიშში.
აუდიტის ჯგუფმა, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილ მასალებზე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების გამოკითხვებზე დაყრდნობით, შეისწავლა წყლის სისტემების ზოგადი მდგომარეობა.
აუდიტის მოკვლევით, მუნიციპალიტეტის ერთ ქალაქსა და 30 სოფელში ცხოვრობს 25,087.0 ოჯახი. მათგან 3,643.0 ოჯახს წყალი მიეწოდება მუდმივად, ხოლო 21,444.0 ოჯახს − გრაფიკით. ტერიტორიულ ერთეულებში კი (ქ. გურჯაანის გარდა) მოწყობილი წყლის სისტემები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი გამწმენდი და წყლის დაქლორვის საშუალებებით.
“წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წელს მუნიციპალიტეტის 3 სოფელში ჩატარდა სასმელი წყლის ხარისხის შემოწმება. შედეგად, სამივე მათგანში გამოვლინდა ნორმიდან გადახრა. სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სოფელ ბაკურციხეში ორჯერ შემოწმდა ერთ-ერთი ჭაბურღილის წყლის შემცველობა. კვლევით დადგინდა, რომ წყლის შემადგენლობა არ შეესაბამება დასაშვებ ნორმებს”,- წერია აუდიტში.
აუდიტის ინფორმაციით, სსიპ − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მუნიციპალიტეტს მისცა რეკომენდაცია პრობლემის აღმოსაფხვრელად ღონისძიებების გატარებისათვის.
“პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა გაატარა ერთჯერადი ღონისძიებები, კერძოდ, გაწმინდა წყლის ნაგებობები და წყლის სისტემა, თუმცა არ შეუმუშავებია სისტემური სამოქმედო გეგმა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ატარებს წყლის კვლევას საბავშვო ბაღებში. წარმოდგენილი გამოცდის შედეგების მიხედვით, ხარვეზები გამოვლინდა რამდენიმე საბავშვო ბაღის წყალმომარაგების მხრივაც. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, მისი გამოსწორებისათვის მერიას საკმარისი ღონისძიებები არ
გაუტარებია”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო პრიორიტეტების დოკუმენტით დასახული მიზნის მიღწევა. მოსახლეობას წყალი მიეწოდება შეფერხებით, მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღი იყენებს მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამო წყალს. პრობლემა სისტემური ხასიათისაა, თუმცა მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია საკითხის გადასაწყვეტად.
აუდიტის რეკომენდაციაა, გურჯაანის მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას. ასევე, დაუყოვნებლივ მოაწესრიგოს წყლის არსებული სისტემები. მერიამ უნდა განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, რათა წყლის სისტემების ექსპლოატაცია და მოვლაშენახვა სრულად უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით დარეგისტრირებულმა ლიცენზირებულმა კომპანიამ. აუდიტის ცნობით, აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის გამართულ წყალმომარაგებას სასმელად ვარგისი წყლით