“ბათომი“ და EMC ბულვარში სასტუმროს მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებენ და მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
“ჩვენმა ორგანიზაციამ საჩივარი შეიტანა სამინისტროში “ბათომის” სახელით. ვასაჩივრებთ იმას, რომ 2021 წლის 21 იანვარს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო 19 სართულიანი ნაგებობის მშენებლობაზე, იქ სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და 2018 წელს კომპანიას, მხოლოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ნებართვა ჰქონდა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს მშენებლობა და დავის გადაწყვეტამდე ვიცოდეთ, რომ იქ არ გაგრძელდება ძეგლის ხელყოფა. ამის შემდეგ დაველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამინისტრო. 2019 წლიდან კომპანია ცდილობს კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა ნებართვების მოპოვებას. ის ორგზის დაჯარიმდა კიდეც. იქ ხორციელდებოდა ისეთი ტიპის სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ცხადყოფდა 19 სართულიანი კორპუსის მშენებლობას, რაზეც 2019 წელს უარი მიიღო, დღეს კი რატომღაც თანხმობა. დაუსაბუთებელია მათი გადაწყვეტილება, როცა ისინი ეყრდნობიან კომპანიის მიერ წარმოდგენილ კვლევას, სადაც საუბარი საერთოდ არ არის უშუალოდ ძეგლზე.
ველოდებით სამინსიტროს მხრიდან რეაგირებას და შემდეგ უკვე, შესაძლოა, სარჩელი შევიდეს სასამართლოში”-აცხადებენ EMC-ში.
საზოგადოება “ბათომი” ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს შეხვდნენ და მათ შეკითხვებს უპასუხონ.
“მოსახლეობამ არა ერთი საპროტესტო აქცია გამართა, შედგა პეტიცია, თუმცა ხელისუფლების და კომპანიის მხრიდან სრული იგნორი და დუმილი მოდის. პროტესტს და მშენებლებს შორის გამუდმებით დგას პოლიციის კორდონი. მივმართავ ხელისუფლებას და ვეუბნები, ნუ გვიფრიალებენ წითელს, დაგვანახონ მზაობა, შეგვხდნენ და გვიპასუხონ ჩვენს შეკითხვებზე”- განაცხადა საზოგადოება “ბათომის” წევრმა ზეინაბ დიასამიძემ.