ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი ისე დაიწყო, რომ თანამშრომლების ტესტირება ჯერ არ დაწყებულა. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
ინფორმაციას ამის შესახებ, ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი, ზაზა ზაუტაშვილი ადასტურებს.
”ჯერ ტესტირება არ ჩაგვიტარებია. დღეს უნდა შევხვდეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს და გადავწყვიტოთ, როგორ გაიარონ თანამშრომლებმა ტესტირება”,- განაცხადა ზაუტაშვილმა.
ბაგა-ბაღების თანმაშრომლების კორონავირუსზე ტესტირება რომ არ ჩატარებულა, რადიო ჰერეთს, ყვარლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მერაბ სეფაშვილმაც დაუდასტურა.
”დღეს შევიკრიბებით და გრაფიკს შევადგენთ, სკოლების და ბაღების ერთად გასატესტად, ორჯერ ჩასვლა რომ არ მიგვიწიოს. თვითონ უნდა გამოეჩინათ ინიციატივა, ვინც მოდის, იმას ვტესტავთ”- განაცხადა სეფაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტში 22 საბავშვო ბაღია, სადაც 1200-ზე მეტი აღსაზრდელი სწავლობს.
პრემიერმინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.
კორონავირუსისასთვის დაწესებული რეგულაციების თანახმად, ბაგა-ბაღების პესონალი, ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარება.