დუშეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოთხსართულიანი შენობის მშენებლობა. სართულების ვერტიკალურად დაკავშირება მოხდება როგორც კიბეებით, ასევე ლიფტით. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
“შენობის პირველ სართულზე განლაგდება მისაღები, ადმინისტრაციის ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, სასადილო, სამზარეულო, მწვრთნელისა და დაცვის ოთახები, სველი წერტილები, საქვაბე, სამრეცხაო. ძიუდოს დარბაზი მასთან დაკავშირებული სათავსოებით როგორიცაა გასახდელები, სველი წერტილები, საშხაპეები, საუნა, ტრენაჟორების ოთახი და საწყობი.
მეორე სართულზე განთავსდება კალათბურთის დარბაზი, ტრიბუნები, სასტუმროს ოთახები.
მესამე სართულზე მოეწყობა დამატებითი ტრიბუნები. უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის განკუთვნილი ადგილები და სასტუმროს ოთახები.
მეოთხე სართული დაეთმობა სასტუმროს ოთახებს და ტერასას. მთლიანობაში ტრიბუნები გათვლილი იქნება 293 მაყურებელზე. ხოლო, 15 სასტუმრო ოთახი, რომელიც განთავსდება II, III და IV სართულზე, თავისუფლად შეძლებს მოემსახუროს 30 სპორტსმენს. შენობის ფასადი მოპირკეთდება ეკოლოგიურად სუფთა და სერთიფიცირებული მასალების გამოყენებით”, – განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის თქმით, სამშენებლო სამუშაოები რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
„სამშენებლო სამუშაოები რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს, ადგილზე 50-მდე მოქალაქეა დასაქმებული, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებელია. პროექტის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ამ ეტაპზე აშენებულია შენობის ორი სართული, მსგავსი სახის ობიექტი რეგიონში იქნება პირველი და რაც მთავარია, სხვადასხვა სახის სპორტის სახეობის გავნვითარებას ხელი უფრო მეტად შეეწყობა“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.