კრწანისის ტყე-პარკში სარწყავი წყლის სატუმბი სადგური შენდება

362

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს.

უწყების ინფორმაციით, სააგენტოს ორგანიზებით, კრწანისის ტყე-პარკში, მდინარე მტკვარზე მძლავრი სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მტკვრის წყალს 8 ტბასა და ჭალის ტყის კორომების სარწყავ არხებს მიაწვდის.

მათი ცნობით, სამუშაოები გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მტკვარი 2″ მიერ არის დაფინანსებული.

„აღსანიშნავია, რომ კრწანისის ტყე-პარკის განახლებისა და აღდგენის მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო 100 კვტ. მზის ელექტროსადგური; ხეების უკანონო ჭრის აღკვეთის და ბრაკონიერებისაგან დაცვის მიზნით, ტყე-პარკის ტერიტორიის 150 ჰა შემოიღობა. დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი 7 ტბორის აღდგენა და დათევზიანება, 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა.

ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ, პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს. ტყე-პარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. პარკში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით“,-აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.