ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა. ბრძანებას ხელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს.
საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას, სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების მიხედვით, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი საჯარო სკოლა, რომელიც ვალდებულია პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობის 10% განსაზღვროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. სკოლამ უნდა უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პროპორციულად გადანაწილება პარალელურ კლასებში. რიცხოვნობის განსაზღვრისას დამრგვალება ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასარგებლოდ.
სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების შესაბამისად საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადები დგინდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საჯარო სკოლა ვალდებულია, სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების შესაბამისად პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა) რიცხოვნობის შესახებ მონაცემები ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, განსაზღვრული ვადის ფარგლებში.
ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა) ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სკოლების სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების შესაბამისად საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ მონაცემების მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.