მარნეულის მერია სატელევიზო მომსახურების შესაძენად 95 800 ლარის დახარჯვას აპირებს

208

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სატელევიზიო მომსახურეობის შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა. 2021 წლის განმავლობაში სატელევისზო მომსახურეობის გაწევისათვის მერია 95 800 ლარის გადახდას გეგმავს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

სატედერო დოკუმენტაციის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ მერიის მოთხოვნის შესაბამისად ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მინიმუმ 30 წამიანი აუდიო ვიზუალური განცხადებები უნდა განათავსოს. ასევე გამარჯვბული კომპანია ვალდებული იქნება პირდაპირი ეთერით გაუშვას მერის ან მისი მოადგილეების ან საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების ანგარიშები, ბრიფინგები და გასვლითი და ონლაინ აქტივობები გააშუქოს. მედიაორგანიზაციის ფუნქციაში შევა საახალწლო და რელიგიური დღესასწაულების, ასევე სპორტული და კულტურული ღონისძიებების, თეატრალური წარმოდგენების, კონცერტების და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების, ტრანსლირების უზრუნველყოფა. ამავე კომპანიას დაევალება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომების, თათბირებისა და ბიუროს სხდომების გაშუქებაც.

“გამარჯვებული კომპანიას დაევალება ქალაქ მარნეულში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, მათი საჭიროებების, ქალაქის მოკლე ისტორიის, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწეული საქმიანობის, დაგეგმილი და განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის შემცველი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის მომზადება ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე და ტრანსლირება სატელევიზიო ეთერით და ერთჯერადი გამეორებით; აღნიშნული მომსახურების ფარგლებში, ფილმს გადაღებამდე წინ უნდა უძღვოდეს ფილმის სინოფსისი, რომელიც შეთანხმებული იქნება შემსყიდველთან,” – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სატელევიზიო მომსახურეობის თანხებს 2018-2020 წლებში ეტაპობრივად ზრდიდა. მაგალითად, 2018 წელს იგივე მიზნებისთვის 72 000 ლარიანი ტენდერი, 2019 წელს 86 000 ლარიანი, ხოლო 2020 წელს 125 640 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. წელს კი მერიამ ამავე მომსახურეობის შესაძენად, წინა წელთან შედარებით, 29 840 ლარით ნაკლები ტენდერი გამოაცხადა.

ბოლო წლების განმავლობაში მარნეულის მერიის მიერ ამავე სახის ტენდერში “მარნეული ტვ” უკონკურენტოდ იმარჯვებდა.