დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

282

პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება.

გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, რეგულაციების შემსუბუქება შეეხო შაბათ-კვირის შეზღუდვასაც და მუნიციპალური ტრანსპორტი მიმდინარე კვირიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს.

„რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.

ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

პრემიერმა გუშინ რამდენიმე რეგულაციის შემსუბუქების შესახებ გააკეთა განცხადება.