რა შეზღუდვები მოიხსნება და რა დარჩება ხვალიდან საქართველოში – დეტალური გეგმა

2637

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხვალიდან კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება. კერძოდ, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგულაციების შემსუბუქების გეგმა შემდეგია:

სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან, არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან;

რესტორნები, შაბათ-კვირის გარდა, შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში – 8 მარტიდან; რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება;

კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან;

სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან;

სასკოლო წრეები, ასევე, განახლდება 15 მარტიდან;

მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან;

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან;

არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;

შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მიიღეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი.